logo
ENG



ოჯახს, სადაც ვმუშაობ, უნდა რომ წავიდე - Covid-19-ს გადარჩენილი და ქუჩაში დარჩენილი ემიგრანტები

04 აპრ 202019:44
3 წუთის საკითხავი
clock 4628
n93n1tvl66euf83.jpg

"სახლში მინდა",

"სამშობლოში ვერ ვბრუნდები",

"აქ გაუსაძლისი პირობებია. ოჯახს, სადაც ვმუშაობ, უნდა რომ წავიდე",

"ბევრს საჭმლის ფული აღარ აქვს და ხელფასებს არ აძლევენ",

"მთავრობას ვთხოვ დაგვეხმაროს",

"ჩვენ ამ ვითარებაშიც ყველაზე დაჩაგრულები ვართ",

„მზად ვართ ბილეთები თავად შევიძინოთ“,

"გთხოვთ, დაგვაბრუნეთ სახლში".

ასეთია იმ ქართველი ემიგრანტების გზავნილი, რომლებიც უცხო ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებას ჯერჯეობით გადაურჩნენ, თუმცა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება ამ დრომდე ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე სპეცრეისი დაგეგმა, ეს მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი ამ სიაში ვერ ხვდება და კვლავ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. როგორც თავად ამბობენ, დიდი ალბათობით სია წინასწარ დგინდება და  მასში პირველ რიგში, საელჩოსთან დაახლოებული პირები ხვდებიან, უსახლკაროდ დარჩენილები კი ქუჩაში რჩებიან.

ბევრმა მათგანმა სამსახური დაკარგა, ბევრსაც ხელფასი გაუნახევრდა და უფრო მეტს კი ღამის გასათევის სანაცვლოდ, უფასოდ მუშაობა უწევს. 

ემიგრანტებს „ფორმულა“ ესაუბრა. რამდენიმე მათგანმა ვინაობის გამხელა არ ისურვა. მათი თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საერთოდ დახმარების გარეშე დარჩნენ.

ერთ-ერთი მათგანია 33 წლის ემიგრანტი, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს. ის უკვე  4  წელია საქართველოდან წასულია. მუშაობს ტაქსის მძღოლად  და მთელ დანაზოგს  ცოლ-შვილს უგზავნის. თუმცა, ახლა ყველაფერი გართულდა. როგორც თავად გვეუბნება, პანდემიის პირობებში ემიგრანტები ყველაზე დაუცველები და არასაჭირონი გახდნენ.

„ზოგადად სამსახურები აქ რაცააა, 70 % დაიკეტა. ტაქსის რაც შეეხება, მუშაობა არ აკრძალულა, მაგრამ ნახევრის ნახევარია შემოსავალი და ისიც რისკის ფასად მიჯდება. არასდროს იცი, ვინ ჩაგიჯდება. მგზავრი რომ დაახველებს, გული მისკდება და ყოველი ასეთი შემთხვევისას თავში საოცარი აზრები მომდის.  ოჯახს ფულსაც ვეღარ ვუგზავნი, რადგან მხოლოდ საჭმელზე მყოფნის. მაქსიმალურად ვცდილობ დავბრუნდე, მაგრამ უშედეგოდ. მთავრობას დახმარებისთვის სულ მივმართავ, თუმცა მგონი აზრი არ აქვს“,-ამბობს ემიგრანტი პოლონეთიდან.

მისივე თქმით,  საქართველოს მთავრობა ემიგრანტებს ატყუებს, რაზეც პირდაპირ მეტყველებს თუნდაც გაუქმებული რეისი, მგზავრობის ფასი ან წინასწარ გაყიდული ბილეთები.   

„მთავრობა დაგვპირდა, რომ მგზავრობის ფასი არ გადაცდებოდა 200 ევროს და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ფულია, რაღაცნაირად შევძელით თანხის მოძიება. თუმცა, როგორც კი ფრენებზე ონლაინ გაყიდვები დაიწყო, 10 წუთში ყველაფერი გაიყიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბილეთების ნაწილი ერთი კვირით ადრე გაიყდულა, რაზეც ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. დარწმუნებულები ვართ, თავიანთ ახლობლებს აყიდინეს ეს ბილეთები. ჩვენ, გაჭირვებულები კი ისე დაგვტოვეს“,-ამბობს ემიგრანტი პოლონეთიდან.

ამის შემდეგ კი ირკვევა, რომ შემდეგი სპეცრეისის ღირებულება 400 ევროდან იწყება. პროტესტის მიზნით ემიგრანტები რამდენჯერმე მივიდნენ საქართველოს საელჩოსთან, მაგრამ ადგილზე პოლიციასთან ერთად მობილიზბული სპეცრაზმი დახვდათ.  

იქვე საელჩოს მიერ ქუჩაში დალაგებული პური, შაქარი, ზეთი და შვრია იყო.

რადგან  პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღეს, ვარშავის აეროპორტისკენ დაიძრნენ და  მთავრობისგან დაყოვნებლივი ზომების მიღებას მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებდნენ. ქართველი ემიგრანტების თქმით, ადგილობრივმა ავიაკომპნია "ლოტმა" მათ განუცხადა, რომ შეუძლიათ ჩვეულებრივი თვითმფრინავი ჩაანაცვლონ ბოინგით, თუმცა ამისთვის სჭირდებოდათ საქართველოს მთავრობის ნებართვა. 

ბოინგთან დაკავშირებული ინფორმაციაზე "ფორმულასთან" კომენტარი გააკეთეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განმარტეს, რომ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ. 

"რაც შეეხება პოლონეთის ავიახაზების მხრიდან, ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფის შესაძლებლობას საქართველოში მგზავრთა დიდი ნაკადის გადასაყვანად, ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს მათი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ამ ფრენების ყველა პარამეტრი და კონფიგურაცია განსაზღვრულია პოლონური მხარის მიერ. ასევე, გვსურს კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ საკორდინაციო საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. ავიაკომპანია ასევე არ ადასტურებს გავრცელებულ ხმებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ბოინგის ტიპის თვითმფრინავის გამოყოფაზე, თანხმობას ქართული მხარისგან ელოდება",-აცხადებენ სამინისტროში.

აეროპორტთან პოლიციასა და ქართველ ემიგრანტებს შორის არსებულ დაპირისპირებაში საბოლოოდ ქართული მხარე ჩაერთო და ემიგრანტები კვლავ სპეციალურად გამოყოფილ ჰოსტელებში დააბრუნეს.

„გამოყოფილ დროებით ჰოსტელებში მაინც ისეთი მდგომარეობაა, შეიძლება რამე დაავადება ავიკიდოთ. ერთ ოთახში ათი ადამიანი ვცხოვრობთ. ვითხოვთ სახლში დაბრუნებას. აქ არიან დედები, ბავშვები... წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ შიმშილს“,-ამბობს თოკო მერაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტეტს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების ცნობით, პრობლემა ეტაბობრივად გვარდება.

"დღეს სრულდება ვარშავა-თბილისის რეისი, რომელიც, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ რიგით მეხუთეა. აღნიშნული ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრომლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა დაკეტა საჰაერო სივრცე საერთაშორისო ფრენებისთვის. საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელების შემდგომ, აღნიშნული რეისებით ისარგებლა და პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა 400-მდე საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, პოლონეთში კვლავ რჩებიან მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება. მათთან საქართველოს საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას",-აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ ეტაპზე ვარშავის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან და ისინი გადაიყვანეს საელჩოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში.

"ამ დროისთვის საელჩო მფარველობს ასეთი კატეგორიის 300-მდე მოქალაქეს და აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა მათი ყველა ყოფითი პრობლემა დარეგულირდეს დროულად მათი სამშობლოში გამგზავრებამდე",-განმარტავენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კი თავად ემიგრანტები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, რეისები იმაზე გაცილებით ცოტაა, ვიდრე ეს უნდა იყოს. შესაბამისად, გაუსაძლის პირობებში ყოფნას აგრძელებს მათი დიდი ნაწილი. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეების დროებით საცხოვრებელსა და საკვებზე საელჩო ზრუნავს. მათი თქმით, ადგილზე ანტისანიტარია და სიბინძურეა.

"მიწევს წავიდე ჰოსტელში, სადაც კაცმა არ იცის რას ავიკიდებ ... როცა შეუძლიათ მარტივად არა, თუნდაც რთულად მაგრამ შეუძლიათ ჩვენი გაყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომწერა 5 რეისი შესრულდა უკვე ვარშავიდანო და მე, რომელიც ერთი თვეა ხან ფულით, ხან უფულოდ ვიბრძვი ბილეთზე და წამოსვლაზე. 500 ზლოტიანი ბილეთები, რაც დაახლოებით 1200 ლარია, 3 წუთში გაიყიდა. თუმცა, სანამ 3 აპრილს თბილისის სპეცრეისი დაიდებოდა, იძახდნენ და არაფერიც არ დაიდო! აი ასე ხდება და კიდევ ბევრ რამეს ვერ ვწერ წერის თავიც და ამდენი უშედეგო რკვევების თავიც აღარ მაქვს. 2 ფრენა გავიგე მარტო, რომელიც პირველი ლოტის ფრენა ვარშაველების სპეცრეისი იყო თბილისიდან თავისების გამოსაყვანად და აქედანაც გაიყოლეს ხალხი",-ამბობს ალექსანდრე ბარნაბიშვილი.

პოლონეთში მყოფმა ქუჩაში დარჩენილმა ემიგრანტებმა დღეს სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს და მთავრობას ოფიციალურად მიმართეს. ისინი სამშობლოში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას ითხოვენ. დოკუმენტს ამ ეტაპზე 95 ადამიანი აწერს ხელს. 

"ამჟამად, პანდემიის შედეგად შემოღებული აკრძალვების გამო, მრავალი ჩვენგანი ვერ ახერხებს უკან, ქვეყანაში დაბრუნებას. ზუსტი და სანდო ინფორმაციის არარსებობა მომავალს გაურკვეველს ხდის. ფრენების შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით ვიგებთ, რომლებიც ხან გაუქმებულია, ხან ბილეთები უკვე გაყიდულია, ხან კი ფასი ზედმეტად ძვირია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვიმყოფებით ემიგრაციაში პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში ძირითადად სამუშაოს მიზნით, ვერ ვახერხებთ საქართველოში დაბრუნებას. ამ დოკუმენტის ხელმომწერნი, მივმართავთ საქართველოს მთავრობას აქტიურად ჩაერთოს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი ფრენები. ამ უაღრესად რთულ ჟამს, როდესაც მომავალი არც ისე ნათელია, ვიმსახურებთ ვიყოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში. ჩვენი ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა რიცხვი იქნება გაცილებით მეტი ვიდრე ამ დოკუმენტზე ხელმომწერთა რაოდენობაა. აქედან გამომდინარე, ასევე ვითხოვთ დაზუსტდეს ქვეყანაში დაბრუნების მსურველთა რიცხვი. აგრეთვე დაუდგენელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სამუშაოებიდან დაითხოვეს. ეს ადამიანები არიან დარჩენილნი სახსრების გარეშე უცხო ქვეყანაში. ვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსგან პოლონეთში დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ადამიანებთან დაკავშირება და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა",-ნათქვამია განცხადებაში.

იგივე ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც - გერმანია, პარიზი, იტალია, ესპანეთი... იტალიის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ემიგრანტი გვიყვება, რომ მასთან ინტერნეტიც ცუდად მუშაობს და მოხუცებული, რომელსაც უვლის ღიზიანდება როცა თავის ოჯახის წევრებთან დაკონტაქტებას ცდილობს. ახლა ეს გაღიზიანება და პრეტენზია გაორმაგდა, უფრო სწორად გაოთხმაგდა და მასსტრესულ პირობებში უწევს ასაკოვანი ქალის მოვლა. ითხოვს დახმარებას. ამბობს, რომ სახლიდან არ უშვებენ და ვერც მათ ეხმარება, ვინც სამსახური დაკარგა. სხვებივით მასაც ეშინია ვინაობის გამხელა, რადგან ფიქრობს რომ მთავრობა აღარ დაეხამრება.

ბერლინში მცხოვრები სტუდენტი იზაბელა ცეცხლაძე კი სახლით ჯერჯერობით უზრუნვეყოფილია. 23  წლისაა და პარალელურად საკონდიტორში მუშაობს. როგორც „ფორმულასთან“ ამბობს, ფინანსური ან სხვა სახის პრობლემა ჯერ არ ჰქონია, მაგრამ მის მდგომარეობაში ძალიან ცოტაა. ძირითადად სახლის, საკვების, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ემიგრანტებს ღამის გათენება გერმანიის ქუჩებში უწევთ. იმ ქუჩებში, სადაც ბოლო მონაცემებით დაინფიცირბეულთა რაოდენობა 80 000-ს აჭარბებს.

„გერმანიიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისი იყო ჩანიშნული მანამადე, სანამ საქართველოს მთავრობა ავიამიმოსვლას შეწყვეტდა. თუმცა მოგეხსენებათ ფრენები გაუქმდა და ახლა არავინ არაფერს გვეუბნება. პასუხი არ გვაქვს, როდის დაგვაბრუნებენ სახლში. საკონსულოს მუდმივად ვუკავშირდებით და ვითხოვთ ინფორმაცია მაინც მოგვაწოდოს, მაგრამ ხშირად უხეშად გვიშორებენ. აქ ძალიან რთული მდგომარეობაა. უამრავ ადამიანს ღამის გასათევი არ აქვს. რამდენიმე ოჯახს საელჩო დაეხმარა საცხოვრებელით, მაგრამ ვერ უზრუნველყო საკვები, მათ კი არანაირი შემოსავალი არ აქვთ. პირდაპირი გაგებით შიმშილობენ. ერთი ქართველია აქ, ვისაც მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება, მაგრამ არ აქვს დაზღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმის კონსულტაციასაც ვერ გაივლის.  დაგვეხმარონ იქნებ“,- ამბობს იზაბელა ცეცხლაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე სპეცრეისი დანიშნა, მათ შორის ბერლინი, ათენი, ვენა, ვარშავა, ამ სიაში მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მაინც ვერ ხვდება. რეისების რაოდენობა არასაკმარისია, კორონავირუსით დაავადებულათა რაოდეონობამ მსოფლიოში კი უკვე მილიონს გადააჭარბა. ემიგრანტების გზავნილები იგივე დარჩა- „დაგვაბრუნდეთ სახლში“, მათი მომავალი კი ისევ გაურკვეველია...

 


close დახურვა