logo
ENG



პენიტენციური: სიცრუეა, რომ გლდანის ციხეში 3 პატიმარი დაჭრეს, მათ თავი დაიზიანეს

22 სექ 202016:26
3 წუთის საკითხავი
clock 1132
5v5n8yr4ni9nkeu.jpg

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სიცრუეს" უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ ინფორმაციას.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი დაწესებულების ადმინისტრაციისგან ჩაისა და სიგარეტის მიწოდებას ითხოვდა და ამ მოტივით, მათ მეტლახის ნატეხით თავი დაიზიანეს.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მსჯავრდებულების მდგომარეობა სტაბილურია.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით) ... მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად  მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი", - წერია განცხადებაში.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ "თვითმკვლელობის მცდელობა იყო", თუმცა მისი თქმით, ეს პატიმარზე ფსიქოლოგიური ზეწოლით იყო განპირობებული:

"თვითმკვლელობის მცდელობა არის და მიმაჩნია, რომ აქ გარკვეულად რაღაც ფსიქიკური ზემოქმედება მოხდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო შეშინებული, აშკარად ეტყობოდა. მე რომ ვუთხარი, რა იყო მიზეზი, რატომ იკლავდა თავს, იმიტომ, რომ ვერ მნახეთ მალეო.

სამი ჭრილობა ჰქონდა 7-8 სანტიმეტრის. მარცხენაზე იმდენად დიდი იყო სისხლი შევატყე, რომ მეტი ჭრილობა ჰქონდა, მარჯვენაზე ჰქონდა ერთი. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო ფორსირებულად გაკეთებული. მე რომ შევეკითხე ჭრილობებიც არ გაუკერავთ მისთვის", - ამბობს კობა კობახიძე.

ადვოკატის განცხადებით, ის პროკურატურას მანამდე მიმართავს, ვიდრე უწყება მომხდარზე მოკვლევას დაიწყებს.

ფორმულას დღეს, 22 სექტემბერს, ერთ-ერთი პატიმრის დედა მაია დიღმელაშვილი დაუკავშირდა. როგორც მან აღნიშნა, ციხიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი და კიდევ სამი პატიმარი ციხის უფროსის დავალებით დაჭრეს.


close დახურვა