logo

პრეზიდენტმა სისხლის სამართლის კოდექსსა და ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

clock 22 მაი 202020:00
vd5blianygk9xdj.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, პრეზიდენტის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები იცავს ბალანსს ადამიანის ძირითად უფლებებსა და საჭირო შეზღუდვებს შორის.

„დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა.

მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას.

დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას - საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს დაამტკიცა ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში, რომლის თანახმადაც მთავრობას უფლება ეძლევა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა