logo
ENG



პროკურორი: ფურცხვანიძე გამოკითხვაზე და წყაროს დასახელებაზე უარს აცხადებს

18 სექ 202023:06
3 წუთის საკითხავი
clock 1237
14mswrqa0aztxvg.png

დავით ფურცხვანიძემ, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს გაყალბებული სატელიტური ფოტოები მიაწოდა, პროკურატურაში გამოკითხვასა და წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა. 

"დავით ფურცხვანიძემ ამ ეტაპზე არ დაასახელა წყარო და ამავდროულად, უარი განგვიცხადა გამოკითხვაზე, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა", - ამბობს საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

ვეფხვაძის თქმით, ასევე იგეგმება ფურცხვანაძის ოფისის მიმართ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. 

"იგეგმება დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებით რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ოპერატიულად განხორციელდება", - ამბობს საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

თავად ფურცხვანიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდება. 

"მე განვაცხადე, რომ გამოკითხვა შედგება მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. აქ პროკურატურის ნდობა არნდობაზე არ არის საუბარი, მიდგომა არის ძალიან ოფიციალური, არის ჩხრეკა, არის ნივთების ამოღება, ამიტომ მე მინდა, რომ მაქსიმალურად იყოს ყველაფერი სამართლებრივად დაცული“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

წყაროს დასახელებაზე უარის მიუხედავად, ფურცხვანიძემ დღეს განაცხადა, რომ ფოტომასალა მას პარტნიორებმა უცხოეთიდან მიაწოდეს.

ფოტოების გაყალბების შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა დღეს, 18 სექტემბერს გაავრცელა. მისი თქმით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით დამტკიცდა, რომ ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

ცნობისათვის, აღნიშნული ფოტომასალა 8 სექტემბერს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა და განაცხადა, რომ სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანდა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 რიცხვში ტყეში არ იდგა. 

 


close დახურვა