logo
ENG



ჟორჟოლიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე:პროცესს საფრთხე არ ემუქრება, თუ კატაკლიზმები არ მოხდა 

01 ივნ 202014:20
3 წუთის საკითხავი
clock 384

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიცია შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ ესწრება.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამიტომ სანამ „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

შედარებით განსხვავებულია დამოუკიდებელი დეპუტატების პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ და თუკი ცვლილებები ჩავარდება, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას დაეკისრება. 

"მე ნამდვილად დავუჭერ მხარს ცვლილებებს. აქ ყველა სხვა ინტერესი მეორე პლანზე გადადის. ჩვემს სხვა კოლეგებზე მე ვერ ვისაუბრებ. რამდენიმე დეპუტატის პოზიცია, მაგალითად ხულორდავასი, ჩუგოშვილის, ხუციშვილის ვიცი. ისინი მხარს დაუჭერენ ცვლილებებს. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი. რისკები არის, თუ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ რამდენიმე დეპუტატის ხმა დააკლდა, ცვლილებები ვერ განხორციელდება. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ოპოზიციაზეც და ხელისუფლებაზეც იქნება გადანაწილებული", - ამბობს, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი. 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წარმომადგენელი მარიამ ჯაში საკონსტიტუციო განხილვების პროცესში ჩერთვება. დეპუტატი ამბობს, რომ ფრაქცია, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელს ბოლომდე შეუწყობს. 

"საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, პოლიტიკური მრავალფეროვნებისთვის და ყველა მოქალაქის ხმის ასახვისთვის. ჩვენი ფრაქცია ხელს შეუწყობს პროცესის განხორციელებას", - აღნიშნა ჯაშმა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას არ ელოდება ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გია ჟორჯოლიანი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საკმარის ხმებს დააგროვებს. 

"მე მხარს ვუჭერ დღევანდელი მოცემულობით. 27 დეპუტატია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებში. 150-ს გამოაკელით 27, დარჩა 123. რამდენიმე დეპუტატია, რომელიც აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ამ 123 კაციდან. დაახლოებით 120 დეპუტატი ამბობს, რომ მხარს დაუჭერს. არავითარი საფრთხე არ ემუქრება პროცესს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა", - განაცხადა დეპუტატმა. 

აღსანიშნავია, რომ ცვლილებების წარმატებით შესრულებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია პროცესში არ ჩაერთვება, ეს მათზე ნეგატიურად აისახება. 

"მოლოდინი არის რომ ამ ცვლილებებს მივიღებთ და საკმარისი მხარდაჭერა იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას თუ არ ჩაერთვებიან ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, რადგან ოცნება მზად არის პროცესი ბოლომდე მიიყვანოს წევრი", - აცხადებს კახა კუჭავა. 


close დახურვა