logo

რამიშვილი: დასახელდება პოლიციელი, ვინც კომპიუტერზე მამას უთხრა, რომ ბაჩალიაშვილი შარში იყო

clock 0 clock 1598 clock 27 ივლ 202011:41

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი და მამა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმ პირის დასახელების მიზნით მივიდნენ, რომელმაც მაშინ, როცა თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდნენ, მამას უთხრა, რომ მისი კომპიუტერი გახსნეს და თამარ ბაჩალიაშვილი შარში იყო. რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მანამ, სანამ ბაჩალიაშვილს იპოვიდნენ, ბაჩალიაშვილების ოჯახს განუცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოების მოთხოვნის მიზნით აქციის გამართვა საჭირო არ იყო.

როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ეს პირები პოლიციის მაღალჩინოსნები არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ არიან ისინი ადვოკატს ჯერ საჯაროდ არ დაუსახელებია.

„ჩვენ მოვედით იმ პირების დასახელებისთვის, რომლებმაც იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა ე.წ. ძებნითი სამუშაოები, მამას უთხრეს კომპიუტერთან დაკავშირებით, [რომ] შარში და პრობლემაში არის მისი გოგო და რომლებმაც უთხრეს, რა საჭირო იყო ეს აქციები და მერე რომ კონტაქტი გაწყვიტეს. ეს ადამიანები დასახელდებიან. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას გამოძიებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნეს და ნახეს, რომ ბაჩალიაშვილი „დიდი პრობლემის წინაშე“ იყო.

„მითხრეს, კომპიუტერი გავხსენით და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო“, - განაცხადა გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მამამ.

ბაჩალიაშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით კი, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის ცხედარის აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე ბაჩალიაშვილის ოჯახმა და მეზობლებმა ქვემო ფონიჭალაში აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.

ოჯახის წევრები გამოძებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებდნენ.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა