logo
ENG



რატომ აღარ შეუწყვეტს საქართველოს მთავრობა „ფრონტერას" კონტრაქტს

23 ივლ 202011:51
3 წუთის საკითხავი
clock 2024
nrmu9uje8iw6x4e.jpg

მთავრობა საწვავის მომპოვებელ ამერიკულ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" კონტრაქტს აღარ გაუუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

„ფრონტერასთან" ეკონომიკის სამინისტროს კონტრაქტი 27 ივლისს უნდა გაეუქმებინა. საარბიტრაჟო სასამართლოში დავის მოგების შემდეგ მთავრობამ ამერიკულ კომპანიას კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ 27 აპრილს აცნობა. 

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს 'ფრონტერა'-სთან კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული. 

ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არასასურველია ამერიკის უაღრესად მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრში ვინმეს გაუჩნდეს საბაბი და ეს აბსოლუტურად რუტინული კომერციული დავა გამოიყენოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების საზიანოდ", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

„ფრონტერასთან" კონტრაქტის გაწვყეტის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის მიმართ არაერთი კონგრესმენისა და სენატორის კრიტიკული წერილი მოჰყვა. 

16 მაისს 6-მა სენატორმა და კონგრესმენმა, სენატორ ტედ კრუზის მონაწილეობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს, სტივენ მნუნიჩს წერილი მისწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზე იყო საუბარი.

ცოტა ხნის წინ Frontera-ს უკიდურესად შემზღუდველი რეგულაციები დაუწესეს, ახლა კი კომპანიას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ექსპოპრიაცია ემუქრება. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია „Conti Group” ზუსტად იმავე გზით გამოაძევეს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონსორციუმიდან, რის შედეგადაც პროექტი შეჩერდა.

ეს გართულებები და დავები მნიშვნელოვნადაა დაღდასმული გეოპოლიტიკური იმპლიკაციებით. Frontera-ის ენერგიის მომპოვებელი საქმიანობა მიმართული იყო იმისკენ, რომ საქართველო გამხდარიყო სტაბილური და ჰქონოდა ენერგოდამოუკიდებლობა", - წერდნენ სენატორები და კონგრესმენები. 

უფრო ადრე, 12 თებერვალს საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი კიდევ ერთმა კონგრესმენმა რენდი ვებერმა მიწერა. 

ვებერი წერდა, რომ კონგრესში გახშირდა სანქციებისკენ მოწოდებები, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით არსებული პრობლემებისა და მთავრობის მხრიდან უცხოური კომპანიების საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ჩავარდნა არ იწვევს გაკვირვებას, ვინაიდან ევროპული და ამერიკული ბიზნესინტერესებისთვის მსგავსი გარემო უკიდურესად არახელსაყრელი და შემზღუდველია.

მათ უუქმებენ კონტრაქტებს და მათ მიმართ ხორციელდება ექსპროპრიაციის თავდასხმები. ჩემი მშობლიური ტეხასიდან ამის თვალსაჩინო მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანიის, 'ფრონტერა რესურსის' გამოცდილება", - წერდა ვებერი. 

მართველი გუნდის წევრები ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ფრონტერას" მიმართ აგრესიული რიტორიკით. მათი ნაწილი კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს „ფრონტერას" მიერ დაქირავებულ ლობისტებს უკავშირებდა. 

იმავეს ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში:

„სამწუხაროდ, „ფრონტერა“-ს მიერ წამოწყებულ კამპანიაში ძალაუნებურად ჩართული აღმოჩნდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რამდენიმე წევრი - საქართველოს მეგობარი კონგრესმენები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენების თაობაზე არსებითად მცდარ ინფორმაციას ისევ „ფრონტერა“-ს მესვეურები და მათ მიერვე დაქირავებული ლობისტები აწვდიდნენ". 

29 აპრილს თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებდა, რომ „ფრონტერას" გარშემო მედიაში ატეხილი „აჟიოტაჟი" აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო.

კალაძემ „ფრონტერასთან" დაკავშირებულ კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკას მიუღებელი უწოდა. 

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ მეგობრულ ურთიერთობას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და მე ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს კონკრეტულად ეს კომპანია. 'ფრონტერა' მაქვს მხედველობაში... 

კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები", - განაცხადა კალაძემ. 

საწვავის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა" საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. 

 

 



close დახურვა