logo
ENG



რესპუბლიკურის დირექტორი: რეანიმაციულ განყოფილებაში 2 პაციენტია, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

06 აპრ 202014:51
3 წუთის საკითხავი
clock 665

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 36 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ერთს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.

ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტია. მათგან მხოლოდ ერთს აქვს დადასტურებული კოვიდ ინფექცია. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს, ყველა პასუხი ნეგატიური  მოვიდა და დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს გაუკეთდა ანალიზები და მათ პასუხებს მოგვიანებით მივიღებთ. პაციენტების რაოდენობა მუდმივად იცვლება, რადგან ჩვენ ასე ვთქვათ გამტარი ფუნქცია გვაქვს, ვიღებთ პაციენტებს, ვაკვირდებით და შემდგომში სხვადასხვა კლინიკებში ვამისამართებთ“, - განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება რეანიმაციაში მყოფ ორ პაციენტს, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ, გოფოძის თქმით, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

„მათ კოვიდ ინფექციაზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ორივეს მძიმე პნევმონია აქვს. მათგან ერთი მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო მეორის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მიმდინარეობს მკურნალობა და დაკვირვება გეგმის მიხედვით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ამიერიდან რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ-19-ის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტს ადგილზე უმკურნალებს და ინფიცირებულთან სხვა დაწესებულებებში განაწილება აღარ მოხდება.


close დახურვა