logo

რუსეთი, ნიკარაგუა, სირია, ვენესუელა - ვინ და როგორ მიულოცა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება

18 აგვ 202019:56
3 წუთის საკითხავი
clock 1317
bm7krq6ewey0avk.jpg

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს მასშტაბური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთის მკვეთრად კრიტიკული მიდგომისა და არჩევნების შედეგების არაღიარების მიუხედავად, რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც არ არიან თავისუფალი სამყაროს ნაწილი, გულმხურვალე მილოცვებს უძღვნიდა ბელარუსის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელახალი გაპრეზიდენტებისთვის.

საინტერესოა, რომ მიმლოცველებს შორის ის 4 ქვეყანაა, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" აღიარეს - რუსეთი, სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა. 

 

ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო ლიდერებს შორის, რომელმაც ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

"ჩინეთის ხელისუფლების, ჩინელი ხალხისა და ჩემი სახელით გიგზავნით გულითად მოლოცვასა და პატივისცემას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მმართველობის ქვეშ ბელარუსი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით ახალ სიმაღლეებს მიაღწევს", - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა 10 აგვისტოს 

 

რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 აგვისტოს ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვების გამო მისალოცი წერილი მისწერა. 

"ვიმედოვნებ, რომ თქვენი პოლიტიკა რუსეთსა და ბელარუსს შორის ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს", - წერდა პუტინი ლუკაშენკოს.

 

ყაზახეთი

ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომრათ თოკაიევმაც. 

"თოკაიევი მილოცვას უგზავნის ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ხელახალი არჩევის გამო. რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩატარებული არჩევნების შედეგები ცხადყოფს ხალხის მხარდაჭერას თქვენი სტრატეგიული კურსის მიმართ, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენაა მიმართული", - ვკითხულობთ თოკაიევის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

 

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება სატელეფონო საუბრისას მიულოცა. 

"სახელმწიფოს მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და ბელარუსი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის განვითარების საქმეში ხელახალი წარმატება უსურვა", - წერდა ალიევის ადმინისტრაცია. 

 

სომხეთი

ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიულოცა. 

"მე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას", - მისწერა ფაშინიანმა ლუკაშენკოს. 

 

უზბეკეთი

არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმაც მიულოცა. 

"არჩევნებზე მაღალი აქტივობა და ხმის მიცემის შედეგები კიდევ ერთხელ დემონსტრირებს თქვენ მიმართ ბელარუსი ხალხის რწმენას და მათ ერთიანობასა და მხარდაჭერას თქვენი მმართველობის დროს გატარებული რეფორმების მიმართ", - სწერდა მირზიიოევი ლუკაშენკოს არჩევნების მეორე დღეს. 

მან ლუკაშენკოს ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და წარმატება უსურვა. 

 

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება 10 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას მიულოცა. 

"დღეს დილიდან მოყოლებული ტაჯიკეთის ლიდერი მილოცვებს იღებდა მისი ბელარუსი მეგობრის არჩევნებში გამარჯვების გამო. ტაჯიკი ხალხი გულითადად ულოცავს ბელარუს ხალხსა და მათ პრეზიდენტს", - წერია რაჰმონის ადმინისტრაციის პრესრელიზში. 

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა ასევე ორმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

 

ყირგიზეთი

არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბეი ჟეენბეკოვმაც მიულოცა. 

"არჩევნების შედეგები მკაფიოდ უსვამს ხაზს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას, სამოქალაქო ერთობისა და ეროვნული ინტერესების გაძლიერების მიმართ თქვენი ერთგულების გამო. დარწმუნებული ვარ, თქვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ხალხის კეთილდღეობისა და ბელარუსის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს", - სწერდა ჟეენბეკოვი ლუკაშენკოს. 

 

ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი

ლუკაშენკოს გამარჯვება ყაზახეთის რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, ამჟამად ყაზახეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნურსულთან ნაზარბაევმა მიულოცა. 

"თქვენი მხარდაჭერით ბელარუსმა ხალხმა ხელახლა გამოხატა თავისი არჩევანი, გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმები, სოციალური კეთილდღეობის ზრდა და გაძლიერდეს ბელარუსის საერთაშორისო იმიჯი", - წერდა ნაზარბაევი მისალოც წერილში. 

 

ვენესუელა

არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომაც მიულოცა. 

"ეს არის დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც ხაზს უსვამს ბელარუსი ხალხის ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტის, განვითარების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ", - განაცხადა ვენესუელის ლიდერმა. 

 

მოლდოვა

ლუკაშენკოს მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმაც მიულოცა გამარჯვება. 

"სახელმწიფოს მეთაურად თქვენი ხელახალი არჩევით, ბელარუსმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოხატა ნდობა თქვენ მიმართ და მხარდაჭერა გამოუცხადა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების არჩეულ გზას", - განაცხადა დოდონმა. 

 

ვიეტნამი

არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ფუ ჩონგმაც მიულოცა. მან ლუკაშენკოს მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

 

ნიკარაგუა

ლუკაშენკოს გულითადი მილოცვები გაუგზავნა ნიკარაგუას პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამაც. 

"გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულითადი მილოცვა და პატივისცემა. გისურვებთ წარმატებებს საკუთარი გეგმების განხორციელების გზაზე", - მისწერა ნიკარაგუის ლიდერმა ლუკაშენკოს. 

 

სირია

არჩევნებში გამარჯვება ლუკაშენკოს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმაც მიულოცა. 

"დიდი სიხარულით გადმოგცემთ გულითად მილოცვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამო. გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმეში, ბელარუსთა კეთილდღეობისა და პროგრესის მიმართულებით. თქვენი ერი უკიდურესად კეთილგანწყობილია ჩვენი ხალხის მიმართ", - წერდა ალ-ასადი. 

 

 

close დახურვა