logo
ENG



სააკაშვილი: იარაღიანი პირი არავინ გააჩერა, რატომ? ჩვენს აქციაზე იყვნენ გადართულები

22 ოქტ 202012:29
3 წუთის საკითხავი
clock 655

ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო გაანადგურა და ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით ხალხი ამაში დარწმუნდა. 

როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, ქვეყნის საგამოძიებო უწყებები კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად ოპონენტების კონტროლითა და დაშინებით არიან დაკავებულები.

"რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ წარმოსადგენი არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი და რითია დაკავებული პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, ისინი სხედან შტატებში ივანიშვილის დავალებით, წინ უდევთ სიები მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაჟინებით, მოსყიდვით", - თქვა სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ზუგდიდის ცენტრში შეიარაღებული პირი გადაადგილდებოდა და არავინ გააჩერა, რადგან პოლიცია ნაციონალური მოძრაობის აქციაზე იყო გადართული.

"გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე სრული ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით ქალაქის ცენტრში ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის მრავალათასიანი აქცია და მთელი სუს-ი და პოლიცია გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე, მარშუტკა არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ აღარ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და არ ეცალათ კრიმინალებისთვის და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - ამბობს სააკაშვილი.

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


close დახურვა