logo
ENG



სააკაშვილი დასავლეთზე - მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა, ივანიშვილს ეს ენა არ ესმის

28 ივლ 202017:40
3 წუთის საკითხავი
clock 502
j3pqffu216hjwr8.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის 27 ივლისის განცხადების შემდეგ დასავლეთს კიდევ უფრო მკაფიო კრიტიკისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დიპლომატიური ენა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლების კრიტიკის დროს იყენებენ დასავლელი პარტნიორები, ივანიშვილს და მის მთავრობას არ ესმის. 

"სიმართლე არის, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთიც სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ, მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა და ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მე, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან, მოველი  პოზიციის კიდევ უფრო მკაცრ ჩამოყალიბებას და იმის ნათლად განმარტებას, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ პრორუსულ რეჟიმთან", - განაცხადა სააკაშვილმა Facebook ვიდეოში სახელწოდებით „პომპეოს შესახებ". 

სააკაშვილი ამბობს, რომ იგი ივანიშვილის ხელისუფლების შეფასების დროს დასავლეთისგან „კიდევ უფრო ზუსტ ფორმულირებებს" მოელის. 

"ჩვენ გვჭირდება ამ კრიტიკის გაგრძელება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარ არის სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი აქეთკენ მიდის. ტენდენცია ძალიან სწორია, ველი კიდევ უფრო მეტ, ძალიან მკვეთრ პოზიციებს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

27 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი მრავალ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პომპეომ გახარია მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებაზე გააფთხილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების პროცესში თანასწორი გარემოს უზრუნველყოფა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. 

 

 


close დახურვა