logo
ENG



სააკაშვილი კვლავ თავს არიდებს კითხვას, იქნება თუ არა პრემიერობის კანდიდატი

04 აგვ 202018:57
3 წუთის საკითხავი
clock 595
lhdeoav7p39uktq.jpg

მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ პასუხობს კითხვას, იქნება თუ არა პრემიერობის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. 

"განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკანისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება", - განაცხადა სააკაშვილმა "ტვ პირველთან" ჩართვისას. 

სააკაშვილი ირწმუნება, რომ მას თანამდებობები არ ანაღვლებს. მისი თქმით, დღესაც განიხილება უკრაინაში მისი პრემიერობის საკითხი, შესაბამისად არავისთვის თავისი კანდიდატურის "შეტენვას" არ აპირებს. 

"მთელი ეს პერიოდი იხილება, რომ მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ გაეცნოთ უკრაინის პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში და ამიტომ საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევეტენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად არის სასაცილო და დამაბნეველი.", - თქვა სააკაშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს გადარჩენა უნდა იყოს პრიორიტეტი, თანამდებობების გაყოფის პროცესი კი, მისი შეფასებით, მეორეხარისხოვანია. "ამას გაარკვევს ქართველი ხალხი", - აცხადებს ის. 

"ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რომ საქართველო აღარ გვეყოლება. საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. საქართველო როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან... ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება და ძალიან სწრაფი ორგანიზება.

ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ და დავიწყოთ საქართველოს ხელახალი აღმშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით. ძალიან მეცინება, როდესაც ადამიანები თანამდებობებზე ლაპარაკობენ. რა თანამდებობებს იყოფთ, ხალხო? ყველაფერი უკან მოგრჩებათ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

 

 


close დახურვა