logo
ENG



საია: ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე 3 პოლიციელს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა

31 ივლ 202013:55
3 წუთის საკითხავი
clock 745
საია: ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე 3 პოლიციელს ბრალი წარედგინა და პატიმრობა შეეფარდა

2020 წლის 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე სამ პოლიციელს ბრალი წარუდგინა.

ამის თაობაზე განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 29 ივლისს საქალაქო სასამართლომ სამივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 24 სექტემბერს გაიმართება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდა მეოთხე პოლიციელიც, რომლის ვინაობა პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია. ამასთან გამოიკვეთა, რომ გამოძიების პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა და სხვა მოწმეებმა საგამოძიებო ორგანოებს ცრუ ჩვენება მიაწოდეს.

საია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაადგინოს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებაში ან დაფარეს დანაშაული.

„საია მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალის წარდგენასა და სასამართლოს მიერ მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის განსაზღვრას. თუმცა, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით იკვეთებოდა, ირაკლი ხოფერიას მიმართ არასათანადო მოპყრობა განახორციელა ასევე, მეოთხე პოლიციელმა, რომლის ვინაობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია. ამასთან, საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, რომ გამოძიების პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა და სხვა მოწმეებმა საგამოძიებო ორგანოებს ცრუ ჩვენება მიაწოდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს გენერალური პროკურატურა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი პირის მიმართ ბრალის წაყენებით და დაადგინოს ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებაში ან/და დაფარეს დანაშაული“,-ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა ირაკლი ხოფერია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც "საია" აღნიშნავს, ხოფერია განყოფილებაში აწამეს. მისი განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. ირაკლი ხოფერიას ოჯახის ინიციატივით ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ ირაკლი ხოფერიას სხეულზე არსებული დაზიანებები დაადასტურა.

ხოფერიას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განიხილება.

 


close დახურვა