logo
ENG



სამადაშვილი აშშ-ის დახმარების შეჩერებაზე: ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეალობა უნდა შეიცვალოს

25 ივლ 202017:02
3 წუთის საკითხავი
clock 632

„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.

სამადაშვილის თქმით, ტყუილია მმართველი გუნდის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სენატში საქართველოს  ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე არანაირი პრეტენზია არ აქვთ.

 „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ძალიან დიდი ტყუილია ქართული ოცნების განცხადება, რომ რეალურად არაფერი არ ხდება და არანაირი პრეტენზიები არ არსებობს სენატში, წარმომადგენელთა პალატაში, ქვეყანაში დემოკრატიისა და ოლიგარქიული მმართველობის თაობაზე.  ვნახეთ, რომ სწორედ ასეთი ფინანსური სანქცია დაამტკიცა უკვე წარმომადგენლობითმა პალატამ“, - აცხადებს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, მიღებული კანონპროექტი ქვეყნისთვის საგანგაშო სიგნალია და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ოქტომბერში პოლიტიკური რეალობა უნდა შეიცვალოს.

„ეს არის საგანგაშო სიგნალი. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ოქტომბერში აუცილებლად უნდა შევცვალოთ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა, რადგან  ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი საფრთხეს უქმნის ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.

საქმე ეხება კანონპროექტის ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული 135 მლნ დოლარის 15%-ის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს მანამ, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.

კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს დღეს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების განცხადებით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერი არასავალდებულო ხასიათისაა.


close დახურვა