logo
ENG



სამნიძე: ხელისუფლება შეზრდილია საპატრიარქოსთან, ეს ქვეყნისთვის საშიშია

20 სექ 202013:16
3 წუთის საკითხავი
clock 574
gmg2zb9wcw9qluk.jpg

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოსთანაა შეზრდილი და ეს სახელმწიფოსთვის საშიშია.

სამნიძის თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ავტორიტეტულ ინსტიტუტს  იყენებს, არჩევნების შემდეგ კი საპატრიარქო პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაში ჩაერევა.

"ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ხელისუფლება შეზრდილია საპატრიარქოსთან და იყენებს ყველანაირ მეთოდს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების დამახასიათებელია, რომ არჩევნების წინ ხდება ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმა.

ეს კიდევ ერთხელ არის საზოგადოების შანტაჟის მეთოდი, რომ ხელისუფლება ყველანაირად იყენებს ინსტიტუტს, რომელიც ორგანიზაციას აქვს. ეს საშიშია სახელმწიფოსთვის, რადგან მომავალში საპატრიარქო მოითხოვს შესაბამის ანაზღაურებას მასთან თანამშრომლობის ასეთი ხერხებისთვის", - აცხადებს სამნიძე.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მათ შორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების პარტიული ღონისძიების შემდეგ, წყალტუბოში ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენასაც დაესწრო. როგორც ამბობს, ამჯერად წყალტუბოს პარტიულ ღონისძიებაზე მიაგო ხელისუფლების წარმომადგენლებს პატივი. 

მღვდელმთავრების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ არაფერს ამბობენ საპატრიარქოში. მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ მღვდელმთავრები პარტიულ ღონისძიებებზე მისვლით კანონს არ არღვევენ და ეს მათი თავისუფალი გადაწყვეტილების საკითხია. 

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება, ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების კანდიდატის წარდგენის ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება მათ არჩევნების ჩარევას არ ნიშნავს.



close დახურვა