logo
ENG



სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო: „გვამური გაშეშება“ მექანიკური შეცდომა არ ყოფილა

22 ივლ 202012:05
3 წუთის საკითხავი
clock 838
lvza3gmc0juogd2.png

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

განცხადების თანახმად, ცხედრის ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა, რენტგენოლოგიური გამოკვლევა კი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება. 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

კერძოდ, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ). ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

შემდგომ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული, სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“ და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი „გვამური გაშეშების“ ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, 

მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას. ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება. დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სრული განცხადება იხილეთ ბმულზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის ტექსტში არის ჩანაწერი, რომ მას ყველა კუნთზე აღენიშნებოდა გაშეშება. რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, ამ ჩანაწერზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს არ გარდაცვლილა.

საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემგანაცხადა, რომ კუნთების გაშეშების შესახებ ჩანაწერი ტექნიკური შეცდომაა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა