logo
ENG



სანდრო საკანდელიძე: 12 წელია, კლანი რაგბის თემს თავის მარწუხებს უჭერს, 5 წელია ვებრძვით

16 სექ 202020:34
3 წუთის საკითხავი
clock 822
2qxzdbo63xnuqw2.png

რაგბის კავშირში შემავალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის შემდეგ განცხადება გაავრცელეს და რაგბის კავშირსა და მათ შორის არსებულ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკეს.

განცხადების მიხედვით, უკვე რამდენიმე წელია, რაგბიდან კლანის მოშორების პროცესი მიმდინარეობს.

კერძოდ, განცხადების მიხედვით, ის, რაც დღეს მოხდა, სწორედ ამით არის გამოწვეული.

"მიმდინარეობს რაგბის თემიდან კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც უკვე 12 წელია, რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და თავის მარწუხებს უფრო მჭიდროდ უჭერს თემს.

ჩვენ მას 5 წელია, აქტიურად ვებრძვით.

ივნისში, მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირი აბსოლუტურად პარალიზებული იყო და რაგბის კავშირში არ ფუნქციონირებდა კლუბები, სარაგბო კლუბებმა შექმნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრიც იყო რამაზ ხარაზიშვილი. კლანი ეწინააღმდეგებოდა ამ საბჭოს დაკანონებას და აყენებდა პირობას, რომ საბჭოს არ ჰქონოდა წვდომა რაგბის კავშირის ფინანსურ ინფორმაციაზე.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, შესაძლებელი გახდა რაგბის კავშირთან მოლაპარაკება, რის შემდეგაც სახელმწიფომ ქართულ რაგბის აღმოუჩინა უპრეცედენტო დახმარება: გაზარდა კლუბების დაფინანსება, დაგვეხმარა ჩემპიონატის ორგანიზებაში და დღეს, მის მიერ ახალი, დროებითი მმართველის დანიშვნის პირობებში განახორციელა რაგბისთვის სასარგებლო არაერთი ინიციატივა, რისი დაგვირგვინებაც არის 8 ერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობა.

ამის ფონზე, კავშირმა დაარღვია თავისივე შეპირება და გამგეობის სხდომაზე ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას". - ნათქვამია განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დღეს, 16 სექტემბერს, რაგბის კავშირის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რამ გამოიწვია ინციდენტი, რომელსაც დაჭრა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 118-ე და 236-ე მუხლებით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირში შიდა კონფლიქტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. დაპირისპირება 2020 წლის აგვისტოში გამწვავდა.

რაგბის კავშირის შემადგენლობაში მყოფი 31 კლუბი პრემიერმინისტრთან შეხვედრასა და ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას მოითხოვდა.

მორაგბეები და კლუბების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კლუბებისთვის დაფინანსება ბიუჯეტიდანაც არის გამოყოფილი, ასევე სპონსორებიც არსებობენ, თუმცა ეს თანხები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ამ სპორტის სახეობას აქვს.

ერთ-ერთი, ვინც კრიზისზე აქტიურად ლაპარაკობდა და პრობლემების მოგვარებას ითხოვდა, რამაზ ხარაზიშვილი იყო. ის აგვისტოში ღიად, მედიით აკრიტიკებდა რაგბის კავშირს.

პარალელურად, პრემიერი გიორგი გახარია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე ქართულ რაგბიში არსებულ სიტუაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ ქართუს მეშვეობით, ქართული რაგბი წარმატებით ვითარდება.


close დახურვა