logo

სასულიერო პირების ნაწილი: გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე

17 აპრ 202001:15
3 წუთის საკითხავი
clock 1731
bszmoehkd6onrw5.png

თეოლოგებისა და სასულიერო პირების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

იესო ქრისტე — ჩვენი პასექი;

სააღდგომო გზავნილი ჩვენი ქრისტესმიერი დებისა და ძმებისადმი:

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავადადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენსსაღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა.

ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათასაკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ესთანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიოცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგიაწარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლომნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“(გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არისმონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთანმიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამშინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.

მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშისგანქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაცუფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად  ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა — ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაცდა აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ დასაერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა.

რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუთავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექისდღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამგახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად — იკრიბებოდნენ ერთი მაგიდისგარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთიმაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიცჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგგამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44).

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთანჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთადარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო დაგავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა.

ქრისტე აღდგა!

სასულიერო პირები:

დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი

დეკანოზი ზაზა თევზაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე 

მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია 

მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე 

მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი 

მღვდელი ალექსი აბულაშვილი

მღვდელი მირიან მესხაძე

მღვდელი გრიგოლ ჭეჟია

დიაკონი გიორგი ღიბრაძე

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

ნინო საყვარელიძე

ზურაბ ჯაში

თამარ გოგუაძე

ლევან ბუკია

შოთა კინწურაშვილი

გიორგი ხუბულური

ეკა ჭყოიძე

ნინო საძაგლიშვილი

ვლადიმერ წითლიძე

ვლადიმერ ნარსია


კახა კურტანიძე

გურამ ლურსმანაშვილი

დავით ჩიკვაიძე

ალექსი მესტუმრიშვილი


მირიან გამრეკელაშვილი

გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი)“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, აქედან 76უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.

 

 

close დახურვა