logo

სახალხო დამცველი: შეშფოთებას გამოვთქვამთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამო

clock 26 მარტი 2020 22:37
j9pbhoo13hywciz.jpeg

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მხარდაჭერას უცხადებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელთ და შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვას გამო, რაც კორონა ვირუსის (COVID19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ხსენებული ტერიტორიების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას მოჰყვა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ.

„დღეს საზოგადოება, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე გამოწვევის წინაშე დგას - საფრთხის ქვეშაა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა დასაცავად, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ. ამის ფონზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პრობლემასთან ბრძოლას და საერთო სიკეთის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ადამიანი, წარმოშობის მიუხედავად, თანაბრად დაუცველია ვირუსთან დაკავშირებული რისკების წინაშე, განსაკუთრებით საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით. სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ.

პრობლემის განხილვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების ჭრილში, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის უზენაეს პრინციპს, აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ სტიგმებს, აღვივებს დეზინტეგრაციულ პროცესს და მათ სოციალურ გარიყვას ახალისებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულების გამოვლენისაგან და სოლიდარობა გამოიჩინონ შექმნილი ვითარებისადმი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 80-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 11 პაციენტი. 

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. ამ ფაქტის გამო, მკაცრი კარანტინის ზონად რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა