logo

სერგი კაპანაძე: ოპოზიციის ზეწოლის შედეგია, რომ შეზღუდვების კანონპროექტი 15 ივლისამდე გაგრძელდება

clock 22 მაი 202021:37

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარდგენილ და დამტკიცებულ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ოპოზიციის ზეწოლის შედეგია, რომ შეზღუდვების კანონპროექტი 15 ივლისამდე გაგრძელდება.

„ის, რომ 15 ივლისამდე იქნება შეზღუდვები დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის მიხედვით, ესეც ჩვენი ზეწოლის და იმ მასკარადის შედეგია, პრემიერ-მინისტრმა რომ დაარქვა. არ მოეწონა ალბათ ჩვენი დისკუსია. განსაკუთრებით არ მომწონს პრემიერის ოპოზიცია. 

დისკუსია იყო იმაზე, რომ პარლამენტს არ უნდა წაართვა ზედამხედველობის უფლება. ის მიდგომა, რომელიც სოფიო კილაძემ გაახმოვანა, რომ მთავრობა კარგია და კარგი მთავრობა ამ შეზღუდვების კანონს არ გამოიყენებს ბოროტად არის კატასტროფული მიდგომა.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც ინსტიტუტები მუშაობენ, ამას თუ პოლიტიკოსი ამბობს, ეგრევე პოლიტიკურ პასუხს უნდა აგებდეს. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ არ გჭირდება მაშინ კანონები. კარგი თუ არის მთავრობა, რაც უნდა ის გააკეთოს, მოდი გავაუქმოთ მაშინ პარლამენტი. 

კიდევ კარგი ვადიანი გააკეთეს ეს კანონპროექტი და 15 ივლისი ჩაწერეს, თორემ ცდუნება არჩევნებამდე უვადოდ ყოფილიყო ეს ყველაფერი ეს უფრო ცუდი იქნებოდა და არჩევნების წინა დღეს გააუქმებდნენ საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტს“, - განაცხდა სერგი კაპანაძემ. 

საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიიღო. ხელისუფლება მოქალაქეებს გადაადგილებას, ეკონომიკურ საქმიანობასა და შეკრების თავისუფლებას მაინც შეუზღუდავს, თუმცა ამ განსაკუთრებული ძალაუფლებით მხოლოდ 15 ივლისამდე ისარგებლებს. წინააღმდეგობის გამო „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ნორმას დროებითი სახე მისცა.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა