logo
ENG



სტიქია რაჭაში - დაზიანებულია სავალი გზა, წაღებულია ელექტრობოძები

29 ივლ 202012:38
3 წუთის საკითხავი
clock 1487

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით.

„დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.  უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება. რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ენერგო-პროს“ ინფორმაციით კი, ონის რაიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე რიონმა, მაღალი ძაბვის 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყდენი წაიღო. ელექტროენერგია შეზღუდვით მიწოდება, უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს, ხოლო თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ადიდებული მდინარე გადმოვიდა და დააზიანა სავალი გზაც, შესაბამისად დაზიანების ადგილამდე მიახლოებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები. კომპანიის ტექნიქური ბრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა. 

როგორც ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩაკვაიძემ "ფორმულას" უთხრა, საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა. მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 


close დახურვა