logo

ტრამპი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს - ჯარის ნაწილი პოლონეთში განლაგდება

25 ივნ 202021:23
3 წუთის საკითხავი
clock 250

შეერთებული შტატების პრეზიდენტს გერმანიაში განლაგებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე, გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უკვე მიღებული აქვს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვაშინგტონი, რომელსაც ბერლინთან ურთიერთობები გაციებული აქვს, აპირებს გერმანიაში განთავსებული ჯარის ნაწილი პოლონეთში გადაიყვანოს.

„გერმანია იხდის იმ წილის ძალიან მცირე რაოდენობას, რასაც უნდა იხდიდეს. ისინი უნდა იხდიდნენ 2%-ს და იხდიან 1%-ზე ოდნავ მეტს. გააჩნია, როგორ დავთვლით, შეიძლება 1%-ზე ნაკლებიც გამოვიდეს. ეს ვალდებულების უგულებელყოფაა. ასე, რომ შევამცირებთ რაოდენობას გერმანიაში. ნაწილი დაბრუნდება სახლში, ნაწილი წავა სხვა ადგილას ევროპაში და ერთ-ერთი ასეთი ადგილი პოლონეთი იქნება. გერმანია მილიარდობით დოლარს უხდის რუსეთს გაზსადენებიდან ენერგოპროდუქტების მიღებაში. უხდი მილიარდობით დოლარს რუსეთს, რომლისგანაც თავი უნდა დაიცვას. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია და გერმანელი ხალხი ამით უკმაყოფილოა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოლონეთის პრეზიდენტს მის ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა სურს.  მას პრესკონფერენციაზე გერმანია არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ მოსთხოვა ტრამპს, ევროპიდან ჯარი არ გაიყვანოს, რადგან ეს ერთიანი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა. ანჯეი დუდამ ხაზი გაუსვა რუსეთის საფრთხეს და მის თავდასხმებს საქართველოსა და უკრაინაში.

„ვერ გავბედავ, ვუთხრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სად გაგზავნოს მისი ჯარისკაცები, რადგან ეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ყოველთვის შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს. თუმცა არ უარვყოფ, რომ მოვთხოვე ბატონ პრეზიდენტს, არ გამოიყვანოს ამერიკული ძალები ევროპიდან, რადგან ევროპის უსაფრთხოება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვსაუბრობ გაერთიანებულ ევროპაზე, სადაც ამერიკის ყოფნა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უსაფრთხოების დიდი გარანტიაა. თუკი ვინმე მკითხავს, ვარ თუ არა მზად, პოლონეთმა პოლონეთი უფრო მეტი ამერიკული ჯარი მიიღოს, რა თქმა უნდა, მზად ვარ. 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მოახდინა ყირიმის ანექსია, ლუგანსკი და დონეცკი ოკუპირებული აქვს. მანამდე კი ის საქართველოს დაესხა თავს“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

გერმანიაში ამერიკული კონტინგენტის შემცირებას კონგრესში კიდევ უფრო მეტი  რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება და მოუწოდებს ტრამპს, გადაწყვეტილებას გადახედოს. პრეზიდენტს ჯერ წერილი შეიარაღებული ძალების კომიტეტის ოცმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გაუგზავნა და უთხრა, რომ ევროპაში ძალების შემცირება ამერიკის უსაფრთხოებას დააზიანებს და რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ამის შემდეგ ტრამპს წერილით საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა მიმართეს, მათ შორის ადამ კინზინგერმა და განუმარტეს, რომ გერმანიაში ამეირკული ჯარი მხოლოდ გერმანიას არ იცავს. 

„ამერიკული სამხედრო კვალი გერმანიაში ასევე ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება და უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ძალის მიმართულებებს ევროპის მიღმა, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. ამერიკის არმიის მიერ მართული ლანდშთულის რეგიონული სამედიცინო ცენტრი გერმანიაში, უზრუნველყოფს ერაყსა და ავღანეთში დაჭრილი ამერიკელი სამხედროების კრიტიკულ დახმარებას. ასევე შტუტგარტი ამერიკის აფრიკული დანაყოფის მმართველობის ბაზირების ადგილია, რომელიც ტეხს განგაშს, აფრიკაში რუსეთის და ჩინეთის გავლენის გაძლიერებაზე“, - ნათქვამია წერილში.

ის, რომ ამერიკული ჯარი გერმანიაში არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთლიანად ალიანსს და შეერთებულ შტატების ინტერესებს იცავს, პრეზიდენტ ტრამპს ევროპელმა ექსპერტებმაც არაერთხელ შეახსენეს. მათ შორის, კარნეგის ევროპის ცენტრში, სადაც აღნიშნეს, რომ გახლეჩილი ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რუსეთის ინტერესებშია. რუსეთის სასარგებლო „სახიფათო თამაში" უწოდა, გერმანიის კონტრიბუციის გაზრდის იმედით ნატოს დასუსტებას, ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმაც. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში კი თვლიან, გერმანიის კონბტრიბუციის გაზრდა ლეგიტიმური მოთხოვნაა, თუმცა დაუგეგმავი და ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, გზავნილი იქნება მოკავშრეებისთვის და მტრებისთის, რომ ამერიკას ვალდებულება აღარ აქვს, ევროპის უსაფრთხოებაზე.

close დახურვა