logo

უგულავას დაპატიმრება იყო გზავნილი ახალი ელჩისთვის, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს დასავლეთის აზრი - სამნიძე

clock 0 clock 161 clock 14 თებ 202022:49

„გიგი უგულავას დაპატიმრება იყო გზავნილი ახალი ელჩისთვის, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს დასავლეთის აზრი", - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებას ხათუნა სამნიძე. 

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ქვეყანაში ქაოსი და დაპირისპირება, რადგან იცის, რომ არჩევნები ყველანაირი სისტემით წაგებული აქვს. როგორც სამნიძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ბიძინა ივანიშვილს იმის შანსიც კი დაკარგული აქვს, რომ ოპოზიციაში დარჩეს.

„ახალი ელჩი ესტუმრა ივანიშვილს, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რათა ახალი გზავნილები მიეწოდებინა მისთვის. ამის პასუხად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ელჩის მიერ დანიშნული მიღების დღეს დაეპატიმრებინა გიგი უგულავა. დაამთხვია ისე, რომ ეს ყოფილიყო ახალი გზავნილი ელჩისთვის - რომ მას არ აინტერესებს არანაირი გზავნილი დასავლეთიდან და გააგრძელებს იმ გზას, რომელიც აქვს არჩეული: გააჩუმოს ყველა პოლიტიკური ლიდერი და დაძაბოს ქვეყანაში ვითარება. მან იცის, რომ ამ არსებული უსამართლო სისტემითაც ვერ ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას, ამიტომ მას უნდა ოპოზიციის გადაყვანა საარჩევნო რელსებიდან. ყველა დასავლელ პარტნიორთან იყო მათი სათქმელი, რომ ოპოზიციას უნდოდა რევოლუცია, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს ოპოზიცია არის ბევრად უფრო კონსტრუქციული", - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე 10 თებერვალს დააპატიმრეს.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა