logo
ENG



ფრონტერა - მთავრობამ გვაცნობა, რომ კვლავ ეცდება ჩვენთან კოტრაქტის გაუქმებას

28 ივლ 202009:59
3 წუთის საკითხავი
clock 873

ნავთობმომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა" საქართველოს ხელისუფლებას სიცრუის პროპაგანდირებასა და მიზანმიმართული ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

კომპანიის ცნობით, მიუხედავად „ფრონტერასთან" კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მთავრობის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, მეორე დღესვე საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიას სამართლებრივი ცნობა გაუგზავნა, რომლითაც ირკვევა, რომ ქართული ოცნების მთავრობა კვლავ ეცდება „ფრონტერასთვის" საბოლოოდ კონტრაქტის მოშლას და მხოლოდ "დროებით შეაჩერა" ეს მცდელობები.

„ჩვენ კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავთ საქართველოს პრემიერმინისტრსა და მის მთავრობას, შეწყვიტოს ცრუ, დამაზიანებელი და უპატიოსნო კამპანიის მიზანმიმართული პროპაგანდირება და ამის ნაცვლად, იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ჩვენს კომპანიასთან პირდაპირი თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს არსებითად პარტნიორული სულისკვეთების გაძლიერებას", - წერია კომპანიის წერილში.

„ფრონტერას" ცნობით, აშშ-ში საქართველოს ხელისუფლებამ საელჩოს ხელით შექმნა შთაბეჭდილება, რომ „მთავრობამ დიდსულოვნად შეაჩერა კომპანიის ექსპოპრიაციის სამართლებრივი მცდელობები, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრული ურთიერთობების სახელით", ხოლო ამის შემდეგ, ჩუმად კომპანიის დაშინება განაგრძო.

„საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს,რომ მსგავსი ქმედებები ქართულ კერძო სექტორში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის მიმართ ნორმალური არ არის. ასევე უნდა ესმოდეს, რომ ამ დაშინების თეატრისთვის თვალის დევნება არ წაახალისებს კერძო სექტორში პოტენციურ ამერიკელ ინვესტორებს. ეს სპექტაკლი ცილისმწამებლური მედიაკამპანიის ხელშეწყობით მოეწყო, რომლის მიზანიც ჩვენი კომპანიის რეპუტაციის შელახვა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ცრუინფორმაციების გავრცელებაა", - წერია კომპანიის წერილში.

„ფრონტერა" მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, შეასრულოს კომპანიასა და ხელისუფლებას შორის არსებული ხელშეკრულების პირობები და ხელი შეუწყოს კომპანიის საქმიანობის აღდგენას დაშინებისა და მუქარების გარეშე.

საქართველოს ხელისუფლებამ „ფრონტერასთვის" ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ საზოგადოებას 23 ივლისს განუცხადა. ამას წინ უძღოდა მწვავე კრიტიკა აშშ-დან. გადაწვყეტილების მიზეზად ხელისუფლებამ საქართველოს საინვესტიციო იმიჯისა და აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება დაასახელა. 

 

 

 

 


close დახურვა