logo
ENG



ქადაგიძე: პოლიტიკის დისკრედიტაცია აწყობთ იმ ჯგუფებს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების გაყოფა

28 ივლ 202023:15
3 წუთის საკითხავი
clock 1162
ქადაგიძე: პოლიტიკის დისკრედიტაცია აწყობთ იმ ჯგუფებს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების გაყოფა

გიორგი ქადაგიძის თქმით, პოლიტიკის დისკრედიტაცია მხოლოდ იმ ჯგუფებს აწყობთ, ვისაც ძალაუფლების განაწილება არ სურთ - პოლიტიკის დისკრედიტაციასა და "აპოლიტიკურობის" თემაზე მან, სხვა წამყვანებთან ერთად, "ფორმულას" გადაცემაში "პლატფორმა" ისაუბრა.

ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ ავტოკრატიული რეჟიმები პოლიტიკის სრულ დისკრედიტაციას ახდენენ, ვინაიდან მათ ინტერესშია, რომ გადაწყვეტილებების მიღება მაქსიმალურად ვიწრო წრეში მოხდეს.

„დისკრედიტაციის უკან უფრო ღრმა შინაარსი დგას. რატომ ხდება პოლიტიკის დისკრედიტაცია და ვის ინტერესში არის ეს, განსაკუთრებით ავტოკრატიულ რეჟიმეში, განსაკუთრებით იმ რეჟიმებში, რომლებიც უფრო დიქტატურისკენ იხრება.

სახელმწიფოში არის რაღაც რესურსები - ადამიანური, ფინანსური, კაპიტალი და ა.შ.  ამ რესურსების განაწილების პროცესი არის პოლიტიკა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩართული პოლიტიკაში, რაც უფრო მეტი აქტორია ამ განაწილების პროცესში, უფრო კარგად ცხოვრობს ქვეყანა, უფრო თანაბრად ნაწილდება რესურსები და შესაბამისად, აღარ არის მკაფიო განსხვავება ძალიან ძლიერებსა და დანარჩენებს შორის.

პოლიტიკის დისკრედიტაცია აწყობთ იმ ადამიანებს და იმ ჯგუფებს, ვისაც არ უნდა ძალაუფლების გაყოფა. თუ ძალაუფლების გაყოფა არ ხდება და პოლიტიკა არის მხოლოდ ძლიერების საქმე, ეს ნიშნავს, რომ ამ ნამცხვარს ინაწილებენ მხოლოდ ძლიერები, რაც მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ მხოლოდ ძლიერებს აქვთ საზოგადოებრივი კეთილდღეობა, წვდომა ხარისხიან განათლებაზე, ხარისხიან ჯანდაცვაზე, ყველა სხვა სიკეთეებზე და დანარჩენი აქტორები არიან ამოვარდნილი.

შესაბამისად ის, რომ ავტკრატიული რეჟიმები აკეთებენ, ყველა აქტორის სრულ დისკრედიტაციას, იქნება ეს აქტივისტები, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, მედია, ეს არის მკაფიოდ გამიზნული პოლიტიკა იმისა, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეში მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და რესურსების განაწილება, ამას ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ეს.

სამწუხაროდ, ჩვენთანაც თუ დავაკვირდებით, ამ პროცესებს ეს ტალახის ნიაღვარი, რომელიც მიდის  ყველა პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად აქტიური ადამიანისადმი, რომელიც გამოხატავს თავის მოქალაქეობრივ პოზიციას, საბოლოო ჯამში ემსახურება მიზანს რომ გაუქრო საერთოდ სურვილი ადამიანებს, თავის პოზიცია გამოხატონ“,-აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

გადაცემის "პლატფორმა" ნახვა "ფორმულას" ეთერში ყოველ სამშაბათს შეგიძლიათ.

 


close დახურვა