logo
ENG



ქუთაისის მერმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

08 აპრ 202010:49
3 წუთის საკითხავი
clock 478

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას ოპოზიციაში ადასტურებენ, თუმცა თავად მერიაში ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ჭიღვარიას მმართველი გუნდი ჩავარდნილ ტენდერებს არ პატიობს. მათივე თქმით, მერის გადაყენება დიდი ხნით ადრე იგეგმებოდა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ახლა იმის გამო მიიღეს, რომ საზოგადოების ყურადღება პანდემიისკენ არის მიმართული.

„რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ახლა, როდესაც მთელი ქუთაისის ყურადღება კორონავირუსზეა გადატანილი, სათანადო დროა მისი ჩუმად გაშვებისა. ეს არის რა თქმა უნდა „ქართულ ოცნებაში“ არსებული შიდა დაპირისპირების შედეგი. საბოლოო ჯამში გიორგი ჭიღვარიას საქმიანობა ქუთაისში ყოველთვის იქნება ასოცირებული ჩავარდნილ პროექტებთან, გადათხრილ ქუჩებთან, არაპროფესიონალიზმთან, სურათის გამოფენასთან, თეთრი ხიდის გამოფენასთან და უამრავ სკანდალთან, რომლითაც მან თავი გამოიჩინა“, - განაცხადა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიამ.

იგივე პოზიცია აქვს „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაიას. ის ქუთაისის მერთან ერთად საკრებულოსაც აკრიტიკებს.

„თავზე როცა დაგვასვით და ვამბობდით, რომ ეს ამ ქალაქს ვერ უპატრონებდა, მაშინ რატომ არაფერი გააკეთეს. ვინაა პასუხისმგებელი, რომ ამ ხნის განმავლობაში ასეთი უნიათო მერი ქუთაისს დაასვეს თავზე. ამიხსნან, მერი თუ უნიათოა, საკრებულო უკეთესია, რომელიც ყველაფერს უპრავებდა და აკეთებინებდა?“, - განაცხადა გოგი წულაიამ. 


close დახურვა