logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ოქროს მოწმემ, ამირხანაშვილმა ჩვენება მეხუთედ შეცვალა

13 აგვ 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 479

 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ ბრალდებულების ადვოკატები. ისინი აცხადებენ, რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად არაგონივრული ვადა, 9 დღე მიეცათ. 

უღირსი პროკურატურა და დაჩაგრული ურჩი იურისტები - ეს შეფასებები ისმოდა შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებისგან. გაგნიძის ინტერესების დამცველები გამოძიებას ააცილეს და ახლა დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, მიზეზი გაუთქმელობის ხელწერილზე უარია

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატების მტკიცებით, გამოძიებას იმის დაფარვა სურს, რომ მტკიცებულებები არ გააჩნია. გიორგი შაქარაშვილის საქმის 23 ტომიდან ბოლო სამი - გასაიდუმლოებულია, ახალი ჩვენებების შესახებ საუბარი აქვს აკრძალული ყველას.

თუმცა, საქმის ოქროს მოწმემ ჩვენება კიდევ ერთხელ, ჯამში მეხუთედ შეცვალა. ამას ბრალდებულთა ადვოკატებიც ადასტურებენ.

"ამირხანაშვილი დამატებით არის გამოკითხული. რადიკალურად განსხვავებულია ჩვენება და არ შეესაბამება წინა ჩვენებებს", - აცხადებს ბრალდებული ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

სწორედ, ამირხანაშვილს ახალი, მეხუთე ჩვენება დაედო საფუძვლად საქმეზე 5 ბრალდებულისთვის განზრახ მკვლელობით ბრალის დამძიმებას. გაუთქმელობის პირობით საქმის მასალები მხარეებს უკვე გადაეცათ. პროკურორი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამირხანაშვილი მეხუთე ჩვენებაში საწყის, პირველად მოცემულს უბრუნდება, და ამბობს, რომ ტოიტა ქამრის მგზავრებმა ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გზად შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, კონკრეტულად რა წერია ოქროს მოწმის ჩვენებაში ამაზე არც ბრალდების მხარე და არც ადვოკატები საუბრობენ.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის 3 ახალ ტომში დევს ვიდეომტკიცებულებებიც. პროკურატურამ ნაწილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. დამატებით რა ვიდეო-მტკიცებულებებზეა საუბარი ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს. ინტერესების დამცველის განცხადებით, კი ვიდეო-მტკიცებულებები არაფერს ამტკიცებს. 

არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახო ჩიქოვანს და კიდევ ორ არასრულწოვანს ბრალი განზრახ მკველელობის ბრალდებით 2 დღის წინ დაუმძიმდათ. 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

 


close დახურვა