logo
ENG



ჩავიშოღლუ: მზად ვართ, აზერბაიჯანს დავეხმაროთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ბრძოლის ველზე

29 სექ 202015:22
3 წუთის საკითხავი
clock 933
oqceyuw4vgd5att.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავიშოღლუს თქმით, თურქეთი მზად არის, "აზერბაიჯანს დაეხმაროს როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე". 

"ერთადერთი გამოსავალია, სომხეთმა ყარაბაღი დატოვოს. მანამდე პრობლემა არ გადაიჭრება. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აშკარაა. ეუთოს მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვინდა, რომ პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. თურქი ერი და სახელმწიფო დგას მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ყოველთვის და ყველგან, როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე". - განაცხადა ჩავიშოღლუმ. 

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი აზერბაიჯანს ღიად დაუჭირა. 

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. 

დღეს, 29 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხს დახურულ კარს მიღმა განიხილავს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა