logo
ENG



ჩიქოვანი: შემთხვევები გაიზრდება, ამიტომ შემოღებული რეგულაციები ყველამ უნდა დავიცვათ

08 აპრ 202013:46
3 წუთის საკითხავი
clock 290

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებსა და ბიზნესსუბიექტებს შემოღებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, კოვიდ-19-თან გასამკლავებლად ერთადერთი საშუალება სწორედ რეგულაციების დაცვაა.

„შემთხვევები გაიზრდება, ამიტომ  მივმართავთ ყველა მოქალაქეს და ბიზნესსუბიექტს - ყველამ უნდა დავიცვათ შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. კოვიდთან ბრძოლა დასრულებული რაა, ბრძოლაში ვიმყოფებით და რეგულაციების დაცვა მოგვცემს საშუალებას რომ გავუმკლავდეთ. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება და აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა შეზღუდვა რაც არის ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიქოვანმა. 

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი.  48 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა