logo
ENG



ჩუგოშვილი:აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო

29 ივნ 202014:01
3 წუთის საკითხავი
clock 316
h9eu67vw4bjnrjn.jpg

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ცვლილებები კონსტიტუციაში ქვეყნის ნორმალური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, რთული უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის დასაფასებელია. 

"როგორც იქნა დასრულდა, ერთწლიანი, ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო. მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა", - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო.

"აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას - ოპოზიციური პარტიები ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად მთავარი არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებდნენ. რურუა დღეს მიმდინარე სასამართლო პროცესზე პატიმრობაში დატოვეს.


close დახურვა