logo
ENG



წულუკიანი პომპეოზე: სასაცილოა ოპოზიციის განცხადებები, რომ აშშ-სთან მეგობრობაში რაიმე ხინჯია

28 ივლ 202014:55
3 წუთის საკითხავი
clock 736

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრის ფონზე "კიდევ უფრო სასაცილო ხდება" ოპოზიციის განცხადებები, თითქოს აშშ-სა და საქართველოს მეგობრობაში რაიმე სახის ხინჯი ჩნდება.

"მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტისა და მისი შინაარსის ფონზე, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოსა და ქართველ ხალხს და ამ მეგობრობასა და პარტნიორობაში ჩნდება რამე ტიპის ხინჯი.

დასანანია, რომ ოპოზიცია, როგორც ბრიუსელში, ვიზა-ლიბერალიზაციის დროს, დღესაც აგრძელებს ბრძოლას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქმედებებს ახორციელებს, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს მხარდაჭერა, ქართველმა ხალხმა არ მიიღოს ფინანსური დახმარება, რომელიც მას სჭირდება და როგორმე საქართველო ვინმემ სადმე მწვავედ გააკრიტიკოს. ეს არის არა ქართული ოცნების, არამედ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც არავითარი წარმატების შანსი არ გააჩნია და ამას მოწმობს სწორედ გუშინდელი მეგობრული, პარტნიორული და მომავალზე ორიენტირებული სატელეფონო კონტაქტი", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. საუბარი შეეხო მათ შორის მართლმსაჯულების სისტემას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და დეოკუპაციის პოლიტიკას. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული საუბრის შესახებ საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აქცენტები მნიშვნელოვნად აცდენილია. მთავრობის ხელმძღვანელობის განცხადებებში არსადაა საუბარი პომპეოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც ოქტომბრის არჩევნებისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებას ეხება, რასაც თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.   

რას წერს სახელმწიფო დეპარტამენტი და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა