logo
ENG



ჭიაბერაშვილი: სწრაფი ტესტები საავადმყოფოს პაციენტთა ნაკადის მართვას უადვილებს

29 მარ 202022:47
3 წუთის საკითხავი
clock 374

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ კორონავირუსის ვითარებაში ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა.

ჭიაბერაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ საზღვრების ჩაკეტვა და საზოგადოების დისტანცირება ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე სწორი ნაბიჯი იყო.

მან ასევე სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი ტესტები საავადმყოფოებს პაციენტების ნაკადის მართვას გაუადვილებს.

„თავის დროზე საზღვრების ჩაკეტვა მოხდა დროულად და კარგი იყო, რომ სწავლა არ განახლდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ამან მნიშვნელოვნად იმუშავა სოციალურ დისტანცირებაზე. რა თქმა უნდა ამაზე მუშაობს ის, რომ სახლში ზის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეტ-ნაკლებად მოქალაქეები ვიცავთ ამას. ეკონომიკის ნაწილში მთავრობა მნიშვნელოვნად აგვიანებს გამოაცხადოს ეკონომიკური დახმარების პაკეტი, იმიტომ რომ მოქალაქეებს რაც არ უნდა ესმოდეთ სახლში ჯდომის აუცილებლობა, ჯანდაცვის საფრთხეებიდან გამომდინარე ძალიან უჭირთ ეს მიიღონ, როცა ხედავენ რომ დანაზოგი ილევა, შემოსავლები შემცირებულია და ელოდებიან მთავრობისგან პასუხს იმასთან დაკავშირებით რა იქნება ხვალ. „ევროპულმა საქართველომ“ გეგმა დადო, მთავრობამ ყველას უნდა მოუსმინოს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს გარკვეული კონტაქტი საზოგადოების ფართო ჯგუფებთან და ვხედავთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ. საზღვრების ჩაკეტვამ, სწავლის არ განახლებამ, სოციალურმა დისტანცირებამ გარკვეული დრო მოგვაგებინა და გაუმარტივა ეპიდემიოლოგებს საქმე და აქ წამყვანი როლი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკისრებოდა. ახლა რაკი გადავედით ახალ ფაზაზე და ველოდებით იმას, რომ დატვირთვა მოვა საავადმყოფოებზე, წინა პლანზე გამოდის ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა. ჯანდაცვის სამინისტრო უშუალოდ პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ საავადმყოფოები იყოს დაცული, მედიკამენტებით მომარაგებული და ა.შ. და აქ შემოდის სწრაფი ტესტების საკითხი. სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია არა მარტო ეპიდემიოლოგებისთვის, ეს სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისთვის. ვგულისხმობ ნაცხის სწრაფ ტესტს, რომელსაც სჭირდება იმ ტესტებით გადამოწმება, რასაც ლუგარის ლაბორატორია იყენებს, მაგრამ ეს სწრაფი ტესტები უადვილებს საავადმყოფოს მართოს პაციენტთა ნაკადი“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


close დახურვა