logo
ENG



ჯანეზაშვილი: ნინო მამულაშვილი მოსამართლე მისი ქმრის დანიშვნის შემდეგ გახდა

22 მაი 202017:00
3 წუთის საკითხავი
clock 947

ნინო მამულაშვილი შესაძლოა საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნოს. მამულაშვილი უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მეუღლეა. მის კანდიდატურას იუსტიციის საბჭოში დღეს განიხილავენ.  

საბჭოს არამოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ მამულაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა თავის დროზე სწორედ მათიკაშვილის ჩარევით მოხდა. მათივე განმარტებით, მამულაშვილი ცდილობს მოიპოვოს მოსამართლის მანტია უვადოდ და სწორედ ესაა პრობლემა. 

"იგი მოსამართლე გახდა სამი წლის წინ, 2017 წელს, მაშინ როცა მისი მეუღლე უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. აქ საინტერესოა ის, რომ მამულაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა მოსამართლეობას და რატომღაც მისი ქმრის დანიშვნის შემდეგ გახდა მოსამართლე. ეს გარემოება სერიოზულ კითხვებს აჩენს",-აცხადენს ნაზი ჯანეზაშვილი. 

ანა დოლიძის თქმით კი მსგავსი ქმედებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას. 

"მთავარი დღის წესრიგი, რომელიც აქვს ამ კლასტერს, არის საკუთარი თავის გამაგრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ გვიჯდება საერთაშორისო რეპუტაციის, სამუშაო ადგილების, ეკონომიკური წინსვლის პერსპექტივის შეჩერების ხარჯზე. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა თამაშობს შეთამაშებულად",-აცხადებს ანა დოლიძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე კი აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ანა დოლიძე არღვევს კანონს, რადგან აქვს პოლიტიკური ინტერესი, რაც გამოიხატება მის მიერ მოძრაობის დაარსებაში.

"ამ შემთხვევაში კომპეტენცია არ მოწმდება და კანონი პირდაპირ ადგენს კითხვებს, რაც შეიძლება დაესვას თითოეულ კანდიდატს. რაც შეეხება არამოსამართლე წევრების მოსაზრებებს, ესაა სპეკულაცია, ტყუილი, სიცრუე და პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკის შემოტანის მცდელობასთან. როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რჩება საბჭოს წევრად და ამავე დროს ის იწყებს პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც მინიმუმ ჩემს მიერ დასახელებული კანონის მოთხოვნები ირღვევა",-აცხადებს მიქაუტაძე. 

 


close დახურვა