logo
ENG



ჯაფარიძე: პრობაცია მიხაილოს გირჩის ღონისძიებაზე დაკვრისთვის მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს

19 ოქტ 202013:10
3 წუთის საკითხავი
clock 1386
vv1ekzu0fpkt31j.jpg

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიჯეი მიხაილო თოდუას, რომელმაც კლუბური ნარკოტიკის ფლობის გამო 7 წელი საპატიმროში გაატარა, პრობაციის სააგენტო მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს იმის გამო, რომ გირჩის ღონისძიებაზე იყო და არ იმალებოდა. 

მიხაილო თოდუამ საპატიმრო 2019 წლის ოქტომბერში, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. თუმცა, მას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამიტომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურით უნდა ისარგებლოს. მიხაილო თოდუას გადაადგილება 21:00 საათის მერე აკრძალული აქვს ან სპეციალური ნებართვა სჭირდება, ისევ პრობაციის სააგენტოსგან. 

მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე 17 ოქტომბრის ღამეს, 22:00 საათზე დაუკრა. ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა უწყება გირჩთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტს სთხოვს. 

"მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა.

ბევრს გეცოდინებათ. დიჯეია. თითქმის 7 წელი ჩავსვით ციხეში, ისე რომ არ არსებობს სამყაროში ადამიანი, ვისაც მან რაიმე ზიანი მიაყენა. ემდი უპოვეს.

ცხოვრების 7 წელი წავართვით. 7 წელი. ბოდიშიც არ მოგვიხდია დღემდე.

ციხიდან სპეციალური სამაჯურით გამოვუშვით, გადაადგილების უფლება აქვს შეზღუდული. მათ შორის 21.00 საათის შემდეგ რომ დაუკრას, სპეციალური ნებართვა უნდა აიღოს (აბა, რა დროს უნდა დაუკრას დიჯეიმ?)

გუშინწინ გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე დაუკრა. 21.00 საათის მერე, ცხადია.

იმის გამო რომ 22.00 საათის შემდეგ არაპარტიული ღონისძიებები აკრძალულია, ახლა პრობაცია სთხოვს რას?

გირჩთან გაფორმებულ მიღება-ჩანარების აქტს, რათა დაადასტუროს, რომ ჩვენს პარტიულ ღონისძიებაზე უკრავდა და მიმალვაში არ იყო.

მიღება-ჩაბარების აქტს.

დიჯეის, რომელსაც მანამდე ცხოვრების 7 წელი წავართვით. ეს ჰგონია ხალხს ნორმალური. ამის შემოქმედნი საღამოს სახლში მიდიან და შვილებს ეხუტებიან და თუ მათ სახელებს საჯაროდ გამოიტან, აქეთ გამუნათებენ, რა პონტია ძმაო, თავის საქმეს აკეთებენო", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე

იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც ექვემდებარება პრობაციის სამსახური, აცხადებს, რომ 2019 წლის 30 დეკემბრიდამ მიხეილ თოდუას 28 დარღვევა ჩაუთვალა საპატიოდ და ეს დამქირავებლის მიერ მმიწოდებული მიღება-ჩაბარების აქტით და მომსახურების ხელშეკრულების დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა.

უწყების განცხადებით, მიხაილომ შესაბამისი დოკუმენტაცია ახლაც უნდა წარმოადგინოს. 

"შინაპატიმრობის რეჟიმი გულისხმობს მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ დროს შინ ყოფნის ვალდებულებას. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია, დარღვევიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს ბიუროს წერილობით წარუდგინოს ინფორმაცია დარღვევის საპატიო გარემოებების არსებობის შესახებ და წარმოადგინოს დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც შეიძლება იყოს დროებით დამქირავებელთან დადებული ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იქნება სამუშაო ადგილზე ყოფნის დაწყების და დასრულების დრო და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2019 წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული, პრობაციის ბიურომ, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12(1) მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიხეილ თოდუას 28 დარღვევა ჩაუთვალა საპატიოდ. ყველა ეს დარღვევა მას საპატიოდ ჩაეთვალა სწორედ დროებითი დამქირავებლის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის და მომსახურების ხელშეკრულების დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო მისი ღონისძიებაზე ყოფნის საათები. კანონის შესაბამისად, მიხეილ თოდუამ ამ ჯერზეც უნდა წარმოადგინოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტები და ისევე როგორც სხვა, ისიც უნდა დაექვემდებაროს იმ ზოგად წესს, რომლითაც ქვეყანაში შინაპატიმრობის ინსტიტუტი იმართება". - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო. 


close დახურვა