logo
ENG



ჰარცელი: კიბერთავდასხმა შემაშფოთებელია, არსებობს რისკი, რომ არჩევნებამდე კიდევ განმეორდეს

04 სექ 202014:43
3 წუთის საკითხავი
clock 542

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ჯანდაცვის სამინისტროზე განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებიდან სამედიცინო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას და გამოყენებას ისახავდა მიზნად. მისივე განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ჰარცელის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიბერთავდასხმის საფრთხე კიდევ არსებობს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს, რათა მსგავსი არ განმეორდეს.

"შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული, კიბერთავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც კიბერშეტევა მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ გაირკვეს, თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ", - განაცხადა კარლ ჰარცელმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​ უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე  ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს. 

ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.


close დახურვა