logo

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

20 მაი 202100:15
3 წუთის საკითხავი
clock 419
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

გოლეთიანი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ დღემ "თავისი სიტყვა უნდა თქვას".

"უმნიშვნელოვანესია ჩვენი შეკრება იქ. კიდევ მეტი უნდა გავხდეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. მინდა მოგიწოდოთ დიდი ერთობისკენ. ამ დღემ უნდა თქვას თავისი სიტყვა ამ მიმართულებით, ხელისუფლებამ შეხედოს ერთ მნიშვნელოვან რამეს, ჩვენი სიმრავლე ვერ იქნება დაძლევადი ვერცერთი მათთვის კარგად ნაცადი ხერხით", - აცხადებს გოლეთიანი.

თბილისში აქციის დაანონსებამდე, 24 აპრილს საქართველოს მთავრობის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო. თუმცა, არ შეჩერდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

close დახურვა