logo
ENG

ლიეტუვის ელჩი: სამხარაძესთან შეშფოთება გამოვთქვი სუს-ისა და ბელარუსის თანამშრომლობაზე

17 აგვ 202121:02
3 წუთის საკითხავი
clock 449
2021/08/17/rgj0b50691yc6w8.jpeg

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლიეტუვის ელჩს საქართველოში, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. 

პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მათ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკეს. 

ასევე, როგორც პარლამენტი იუწყება, მათ ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კორონავირუსის მართვის თემა და ლიეტუვაში მიგრაციის კუთხით არსებული პრობლემები. 

პრესრელიზში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ის თანამშრომლობის შესახებაც ილაპარაკეს. 

ამაზე კალინდრამ ტვიტერზე დაწერა. 

"მქონდა ყოვლისმომცველი შეხვედრა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ ვითარება რეგიონში, ასევე საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობა. გამოვთქვი შეშფოთება საქართველოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე. ბელარუსის რეჟიმმა გამოხატა თავისი პოზიცია ევროპული ღირებულებების და მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის წინააღმდეგ". - განაცხადა ელჩმა. 

***

მაშინ, როცა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს ბელარუსისთვის არაერთი სანქცია აქვთ დაწესებული, 2021 წლის 1-ლ აგვისტოს საქართველოს სუს-ს და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

დოკუმენტი 2016 წლის აგვისტოში გაფორმდა. 

დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციის, ექსტრემიზმის და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე. 

დოკუმენტი საქართველოს არაერთმა დასავლელმა პარტნიორმა გააკრიტიკა და საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯს სამარცხვინო უწოდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, არგუმენტად მოიყვანა, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის კომუნიკაცია აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, ლიეტუვასთან და NATO-სა და EU-ს სხვა ქვეყნებთანაც აქვთ

სუს-ისა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტები და ჟურნალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ისინი გამოგონილი ბრალდებებით დააკავონ და ბელარუსს გადასცენ. 

ბელარუსში ოპოზიციონერ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე რეპრესიები ერთ წელზე მეტია, ხორციელდება. 

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ქვეყანაშ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. 

აქციებზე დააკავეს ათობით ათასი ადამიანი. მოკლეს, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. ქვეყანა დატოვა ათობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა. 

ამ დროის განმავლობაში ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა  და დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსს არაერთი სანქცია დაუწესეს. 

სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, როგორც მთავრობის ოფიციალურ პირებს, ისე კანონმდებლებს, თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრებს და ოჯახის წევრებს. სანქციების შესაბამისად, დასავლეთში მათ აქტივები იყინება და მოგზაურობაზე შეზღუდვები წესდება. 

close დახურვა