logo

ქადაგიშვილი: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას დემონიზაციის და ბულინგის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს

15 მაი 202114:52
3 წუთის საკითხავი
clock 344
2021/05/15/zccm6o5f0wpis3d.jpg

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს "ბულინგის გამო". 

"როდესაც ადამიანს აბულინგებ და აბრალებ ყველა ცოდვას, რაც შეიძლება დააბრალო და აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, ელემენტარულად ახალი შეტევა მაინც აღარ უნდა წამოიწყო, თუ იმდენი სინდისი არ გაქვს, რომ ბოდიში მოიხადო. 

მე არ ვიცი, როგორია თამარ ჟვანიას პირადი გეგმები ახლა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცი, რომ იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე, მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ. გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო". - თქვა ქადაგიშვილმა. 

ოპოზიცია 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში იყო - მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს. მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მათმა უმეტესმა ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა და პარლამენტშიც შევიდა. 

ახლა პარლამენტმა მიშელის დოკუმენტში წარმოდგენილ საკითხებზე უნდა იმუშაოს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. 

ადმინისტრაციის რეფორმა მოიცავს, მათ შორის, ცვლილებებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და კომისიის წევრების დაკომპლექტების წესში. 

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოქმედი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობიდან უნდა გადადგეს. რაც შეეხება თავმჯდომარის და არჩევის პროცედურებს - სამართლიანი არჩევნების განცხადებით, პროცესი, რაც უკვე დაწყებულია - სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს. 

მოძრაობა დროა კი აცხადებს, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ "ოცნება" გავლენებს ინაწილებს. 

close დახურვა