logo

ღარიბაშვილი ნამახვანის პროტესტზე: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი

24 მაი 202111:26
3 წუთის საკითხავი
clock 2429
ღარიბაშვილი ნამახვანის პროტესტზე: ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს მიმართავს და ამბობს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

მისი განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. 

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ეს მზაობა იყო, არის და იქნება, გაგრძელდება ეს მზაობა ჩვენი მხრიდან. ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე, გუბერნატორი, მთელი სამინისტრო ჩართული იყო და არის. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ, დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსს და ყველა დეტალს, გარემოზე ზემოქმედების ეფექტებს, ამას გარდა მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობის საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

ის აქციის მონაწილეებს "გონიერებისკენ" მოუხმობს.

"თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს, მე თავად ვარ ჩართული და მსურს, გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში. რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი "სპეციალისტი" ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი.

მე მინდა, ყველა ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ვადას 12:00 საათამდე აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

ისინი ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 
close დახურვა