logo

ღარიბაშვილი ნამახვანის აქციის მონაწილეებზე: ვინც გადავა კანონს მიღმა, გვექნება რეაგირება

24 მაი 202111:21
3 წუთის საკითხავი
clock 897
საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "გონიერებისკენ" მოუწოდებვს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს კანონის მიღმა გადასვლაზე რეაგირება ექნება. ამით, პრემიერი აქციის მონაწილეების მიერ, მოთხოვნების შესასრულებლად, 12 საათამდე მიცემულ დროს გამოეხმაურა.

"ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი 90-იანი წლები, როდესაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ, ყველა აქტივისტი იყო "ძალიან კარგი სპეციალისტი". შედეგად, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ქარხნები. [...] 

მე მინდა, ამ ყველა ადამიანს მივმართო, მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. მათივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი "რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
close დახურვა