logo

ბართოლომეოს I: უსაფუძვლო შანტაჟია, რომ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს

02 მაი 202120:15
3 წუთის საკითხავი
clock 1428

მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში პასუხობს კითხვებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მისი უღიარებლობის საკითხზე. 

დროების ავტორმა ბართლომეოს I-ს ჰკითხა: "საქართველოში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომელიც სინოდის წევრებისგანაც კი გაგვიგონია, რომ საქართველოს ეკლესიის მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არის პრობლემური საკითხი, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს მოსკოვის საპატრიარქოს მიერ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. არის თუ არა ეს შესაძლებელი? რამდენად კანონიკურია რუსეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა"

პასუხად მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის მინიჭების უფლება ექსკლუზიურად ეკუთვნის კონსტანტინოპოლის ეკლესიას, შესაბამისად, რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობას ვერ მიანიჭებს. 

შესაბამისად, მისი აზრით, განცხადებები, რომ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარების პასუხად რუსეთი ავტოკეფალიას აფხაზეთს მიანიჭებს, ზეწოლა და შანტაჟია, რომელსაც საფუძველი არა აქვს.

"რა თქმა უნდა, არა. პირველყოვლისა, რუსეთის ეკლესიას არა აქვს უფლება ავტოკეფალია უბოძოს არა მხოლოდ აფხაზეთს, არამედ არავის. მას არა აქვს ამის უფლება. ეს ექსკლუზიურად კონსტანტინოპოლის  უფლებამოსილებაა, როგორც ამას ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია და ქმედება საუკუნეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიამ 1970 წელს ავტოკეფალურად გამოაცხადა ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესია, მაგრამ არა ამერიკის ყველა მართლმადიდებლებისა, არა რუსულენოვანი მთელი ამერიკისა, არამედ მხოლოდ ერთი ნაწილისა. ამ გზით მოსკოვმა ამერიკის ყველაზე მდიდარი მართლმადიდებელი ნაწილი დაიქვემდებარა. 1970 წელს გამოცხადებული ეს ფსევდოავტოკეფალური ეკლესია დღემდე არავინ სცნო. მხოლოდ იგი უწოდებს თავის თავს ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოკლედ, ვუბრუნდები საკითხს და კვლავ ვიმეორებ, რომ რუსეთს არ შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს არც აფხაზეთს და არც არავის. 

რაც შეეხება თქვენს სიტყვებს: თუ საქართველოს ეკლესია სცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ მოსკოვის საპატრიარქო სცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიასო, ეს არის ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც საფუძველი არა აქვს". - თქვა ბართოლომეოს I-მა ფორმულასთან ლაპარაკში. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. ტომოსი ბართოლომეოს I-ლმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს მომდევნო დღეს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. 

​საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ჯერაც არ უღიარებია.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს უფლება რუსეთის ეკლესიას, ჩაერიოს საქართველოს ეკლესიის შიდა საქმეებში - კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეპარატისტულ ჯგუფებს, რომლებსაც ხელს უწყობს მოსკოვის საპატრიარქო, მსოფლიო პატრიარქი პასუხობს: 

"ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ერევა თქვენი ეკლესიის შიდა საქმეებში. ცუდია, რომ ერევა იქ, სადაც კი შეუძლია. მას სჭირს დაავადება მესამე რომისა, სურვილი აქვს გაფართოვდეს, წინამძღოლობდეს სრულიად მართლმადიდებლობას, მაგრამ მისი ეს მისწრაფება ამაოა, რადგან კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ არაერთგზის შეეცადა, ხორცი შეესხა მესამე რომის იდეისათვის, გამხდარიყო მართლმადიდებელთა ლიდერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, აგერ უკვე ექვსასი წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლი დაეცა, 600 წელი გავიდა - ეს სურვილი ვერ აისრულა და ვერც ვერასოდეს აისრულებს, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი კანონიკური სისტემა, თავისი ტრადიცია და ქმედება. მართლმადიდებლები ერთი დიდი ოჯახი ვართ. ჩვენ, კონსტანტინეპოლის ეკლესიას, ვითარცა დედას მრავალთა ეკლესიათა და ვითარცა საკოორდინაციო ცენტრს მართლმადიდებლობისა, გვინდა ერთიანობა, გვინდა გვიყვარდეს ჩვენი ძმები და ჩვენი ეკლესიები, მაგრამ იმასაც მოვითხოვთ, დაცულ იქნას საეკლესიო კანონიკა, რომელმაც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში დაგვიცვა და აქამდე მოგვიყვანა. 

ანტიკანონიკურია რუსეთის ეკლესიის ჩარევა როგორც აფხაზეთის ეკლესიაში, ასევე სამხრეთ ოსეთისა, რადგან ისინი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას განეკუთვნებიან. ცუდია, რომ რუსეთის ეკლესია ჩაერია მათ საქმიანობაში. რუსეთის ეკლესიამ პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენცია ამ რეგიონებში სათავისოდ გამოიყენა, ჩადგა იქ ფეხი და დგას. ჰყავს კიდევაც, როგორც ვიცი, საკუთარი ეპისკოპოსი, და შექმნილი ვითარებით სარგებლობს". - განაცხადა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე.

"როდესაც ვწერ ხოლმე ოფიციალურ წერილებს მის უნეტარესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილიას, მოვიხსენიებ მას იმ ტიტულით, როგორც მას სურს და როგორადაც მას მიაჩნია სწორად. ამიტომ  მოვიხსენიებ მას აგრეთვე ვითარცა მიტროპოლიტს აფხაზეთისა. ანუ სრულად ვწერ მის ტიტულს. მახსოვს, ვიდრე რუსეთის ეკლესია შეიჭრებოდა აფხაზეთში, აფხაზეთის მიტროპოლიტად მსოფლიო საპატრიარქო იცნობდა ძმა დანიელს. გავიცანი კიდევაც ის, თუ არ ვცდები, ჩემი პირველი ვიზიტისას საქართველოში 1978 წელს. ამიტომ მსოფლიო საპატრიარქოსათვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ხსენებული რეგიონები საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიან". - თქვა ბართოლომეოს I-მა. 

close დახურვა