logo

თალაკვაძე: უნდა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს პროტესტს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ

31 მაი 202112:19
3 წუთის საკითხავი
clock 192
თალაკვაძე: უნდა ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს პროტესტს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის ვიცე სპიკერი, არჩილ თალაკვაძე კითხვის ნიშნებს სვამს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს "მოუწიათ თავის მართლება" ამასთან დაკავშირებით და რომ "საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს პროტესტს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ". 

"მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა აჩვენა ძალიან პრინციპული პასუხები და გადაწყვეტილებები თითოეულ მოთხოვნაზე, რაც ჰქონდათ ორგანიზატორებს, გრძელდება პროტესტი, რაც აჩენს დამატებით კითხვებს. მე ვფიქრობ, რაც პირველი უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს თითოეული დამფინანსებლის ვინაობა - ვინ აფინანსებს ამ მოძრაობას, ვინაიდან, როგორც ნახეთ, მათ მოუწიათ თავის მართლება დახარჯულ თანხებთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ სოლიდური თანხები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს პროტესტს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ". - თქვა თალაკვაძემ. 

"რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანჰესის აშენებას 6 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. ჩაატარეს რამდენიმე მრავალრიცხოვანი აქცია, მათ შორის თბილისშიც. როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეები თვითორგანიზდებიან, ასევე, ფინანსურად ეხმარებიან ემიგრანტები.

მას შემდეგ, რაც "რიონის მცველების" დაფინანსებაზე საუბარი დაიწყო, მოქალაქეებმა ფეისბუქზე დაიწყეს კამპანია "მე გადავრიცხე", რითაც ხაზს უსვამენ, რომ პროტესტის მიღმა მათ გარდა არავინ დგას. 

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.

close დახურვა