logo

დაკარგული ინვესტორის ძიებაში - ანაკლიის პორტის წარუმატებლობის ამბავი

04 მარ 202115:08
3 წუთის საკითხავი
clock 555
2021/03/04/pesoolc09e2aodf.png

ახლადდამტკიცებულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ტენდერის მომზადება დაავალა. ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო კონსულტანტები უნდა დაიქირავოს, რომელიც ქვეყანას ინვესტორის შერჩევაში დაეხმარება. 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას დასავლელი ინვესტორების მხრიდან პროექტის მშენებლობაში დაინტერესების მოლოდინი აქვს.

"წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება იყოს გამოხატული ინტერესი, განსაკუთრებით, დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად", - განაცხადა თურნავამ

მიუხედავად პრემიერმინისტრის განაცხადისა, თითქოს ანაკლიის მშენებლობის პროექტს მთავრობის მხრიდან ყოველთვის "უპრეცენდენტო მხარდაჭერა" ჰქონდა, პორტის მშენებლობაში ჩართული ყოფილი აქციონერები საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივიან. ანაკლიის მშენებლობის კონსორციუმი, რომელთანაც ხელისუფლებამ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა, საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დანაკარგი ხელისუფლების მიერ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ წარმოებული "ძირგამომთხრელი კამპანიის" შედეგად მიიღო. 

2016 წელს დაწყებული მშენებლობის პროექტის გარშემო პრობლემები 2018 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც პროკურატურამ კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლის და "თიბისი ჯგუფის" თავმჯდომარის, ამჟამად კი, ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიება აღძრა. ხაზარაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო განცხადებები უსწრებდა წინ. 

თავად ხაზარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება, შესაძლოა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლასთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა მაშინ პროცესის ამგვარ გაგრძელებას არავინ ელოდა. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

დავის დაწყებიდან მალევე ქართული ოცნების დეპუტატებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ფინანსური ვალდებულებების ვერშესრულებაზე დაიწყეს საჯაროდ საუბარი. 

2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთმა სსიპ-მა კომპანია "ეი პი ემ ტერმინალს" ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაუმტკიცა, რაც ანაკლიის პროექტის რენტაბელურობას აყენებდა ეჭვქვეშ. კონსორციუმის აქციონერებმა გადაწყვეტილება ნდობის გატეხვად და პროექტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს, რადგან ანაკლიის პორტის მთავარი უპირატესობა გარანტირებული ტვირთბრუნვა უნდა ყოფილიყო, რასაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის მთავრობის მხრიდან ნებართვის გაცემა საფრთეს უქმნიდა. 

ინფორმაციის გასაჯაროებიდან მეორე დღეს თურნავამ გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

პირველმა კონსორციუმი ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მსხვილმა აქციონერმა კონტი ჯგუფმა 2019 წლის აგვისტოში დატოვა, აქედან 6 თვის შემდეგ ხელისუფლებამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება საბოლოოდ გააუქმა, მიზეზად კი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. 

ანაკლიის პორტის პროექტს ჩინეთზე და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება უნდა შეემცირებინა და ქვეყნისთვის თავისუფალი ეკონომიკებთან პირდაპირი კავშირების დამყარების შესაძლებლობა გაეჩინა. პროექტს აქტიურად უჭერდნენ მხარს ამერიკელი კანონმდებლები და მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც 2019 წელს საქართველოში ვიზიტის დროს პროექტის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და მის ქვეყნის ინტერესებისთვის მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

2019-2020 წლებში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის ორჯერ შემცირდა. პორტის მშენებლობის გაჩერების შემდეგ არაერთმა საერთაშორისო გავლენიანმა მიმომხილველმა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე დაიწყო საუბარი და საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული ბიზნესების მიზანმიმართულ გაძევებაში დასდო ბრალი - ანაკლიის პორტი ინვესტორებისთვის მტრული განწყობების სიმბოლოდ იქცა. 

მაგალითისთვის, 2020 წლის პომპეოს ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და დიპლომატი კურტ უოლკერი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური შანსების შესახებ წერდა

"ინვესტორები უფრთხიან საქართველოში გრძელვადიანი საქმიანობის წამოწყებას. ეს ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ არსებობს აღქმა, რომ მართლმსაჯულება და საინვესტიციო კლიმატი შეიძლება პოლიტიკურ წნეხსა და ზეწოლას დაექვემდებაროს". 

უოლკერს მაგალითებად ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტების შეჩერება მოჰყავს, რაც, მისი შეფასებით, ინვესტორებისთვის სახიფათო სიგნალია. 

პოლიტიკის გავლენიანი მიმომხილველისა და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის ტომ როგანის ბოლო სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოში ბიზნესწრეებს ხელისუფლების ერთგულება მოეთხოვებათ, თავად ბიზნესის კეთება კი მხოლოდ ძალაუფლების მქონე პირებთან შეთანხმებით არის შესაძლებელი.

"საქართველო უფრო და უფრო მეტად ემსგავსება რიგით პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ადგილს, სადაც ბიზნესს ძალაუფლების მქონეთა მიმართ ერთგულება და ბიზნესის მხოლოდ მათთან ერთად კეთება მოეთხოვება", - წერს როგანი

ინვესტიციების მკვეთრად შემცირების შემდეგ მთავრობამ 2020 წლის ნოემბერში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის "ახალი მექანიზმი" დაამტკიცა, რაც საქართველოში ინვესტიციის შემომტანი ბიზნესმენებისთვის 1 მილიონი დოლარის FDR გრანტის გაცემას გულისხმობს, თუმცა ინვესტიციების ვარდნის პარალელურად, საეჭვოა, სახელმწიფო გრანტმა მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს ხელი. 

სასამართლოს დამოუკიდებლობასა და გაჩერებულ პროექტებზე მითითების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლო დავებში გახვეული პროექტის მიმართ, რომლის სრული ინვესტიცია 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დასავლელი ინვესტორები ინტერესს კვლავ გამოიჩენენ. 

ანაკლიის პროექტის მშენებლობის პირველი ფაზა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო და პორტს პირველი სატვირთო გემები მიეღო. პროექტის დასრულების შემთხვევაში, პორტს 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვა უნდა ჰქონოდა, რაც ფოთისა და ბათუმის პორტების მოცულობას რამდენჯერმე აღემატება. პროექტის 9-ვე ფაზის დასრულების შემთხვევაში, საქართველო დამატებით სატრანზიტო ფუნქციას შეიძენდა, რაც, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტების მოსაზრებით, ქვეყანას დროგამძლე სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა რეგიონში. 

 

ავტორი: ვასილ მათითაიშვილი

close დახურვა