logo
ENG

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კარტოგრაფების საქმეზე სააკაშვილიც დაიკითხოს

13 ოქტ 202114:31
3 წუთის საკითხავი
clock 546

კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სანდრაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.

როგორც მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, დაიკითხება ყველა, ვისაც, შესაძლოა, საქმესთან შეხება ჰქონდეს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს.

"აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაიკითხება და შესაძლებელია, ეს იყოს მიხეილ სააკაშვილიც, თუ მას შემხებლობა ექნება და ეცოდინება არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია", - თქვა პროკურორმა.

საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. 

2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ.

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

close დახურვა