logo

ჯაფარიძე გახარიას ინტერვიუზე: სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ

09 ივნ 202113:58
3 წუთის საკითხავი
clock 694

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან სამარცხვინო განცხადებები გააკეთა.

ჯაფარიძის თქმით, გასაგებია, რომ გახარია ე.წ. მუქარის წერილის არსებობას ყოველთვის უარყოფს, რადგან, როგორც ჯაფარიძე ამბობს, სხვა შემთხვევაში ეს ყოფილი პრემიერისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. 

"მთელმა დასავლურმა სამყარომ აღიარა, რომ ჩვენ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის პოლიტიკური დევნა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, გახარიამ თქვა, რომ თურმე გამოძიება მიმდინარეობს. ეს სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ. რაც შეეხება წერილს, ის ყოველთვის უარყოფს ამ წერილს იმიტომ, რომ ეს არის მის მიერ ამის აღიარება, როგორც ჩანს, მას მიაჩნია თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულად. ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის ყოველთვის უარყოფს სიმართლეს", - თქვა ჯაფარიძემ.

გუშინ, 8 ივნისს TV პირველთან ინტერვიუში გახარიამ ჯაფარიძე სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მას არანაირი წერილი არ გადაუცია. გახარიამ აქვე ისაუბრა, რომ ანაკლიის პორტის საქმე მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკურად გამოიყენა და რეალურად ანაკლიის პროექტის და ბიზნესჯგუფის წინაშე სახელმწიფო 100%-ით მართალია.

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა მუქარის შემცველი წერილი, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.

ხაზარაძის თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოს განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.

როგორც ის ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორები მის წინააღმდეგ ყველასაშუალების გამოყენებით ემუქრებოდნენ.

წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

close დახურვა