logo

გენერალი ჰოჯესი საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს

24 ნოე 202021:07
3 წუთის საკითხავი
clock 421
2020/11/24/n6r6zka85y9nhct.jpg

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებზე საუბრობს და ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს მიმოიხილავს.

ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს სამხედრო ლოჯისტიკის ჰაბი, რაც ქვეყანაში აშშ-ის მუდმივ ყოფნას შეუწყობდა ხელს, ეს კი თავისთავადი გზავნილი იქნებოდა რუსეთისთვის, რომ აშშ საქართველოზე ზრუნავს. 

"ჩვენი მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. საჭიროა ამის დემონსტრირება. საქართველოს მიწვევა ნატო-ში იქნებოდა მნიშვნელოვანი გზავნილი. კრემლში კარგად იციან, რომ ალიანსის მხრიდან მათ საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ მათ სჭირდებათ ნარატივი, რომ საზღვრებთან ნატოს სიახლოვეს გარე საფრთხედ აღიქვამენ. 

ჩემი აზრით, საქართველო უნდა იქცეს ლოჯისტიკის ჰაბად, არ ვგულისხმობ მუდმივი ბაზების გახსნას, ვგულისხმობ შეერთებული შტატების მუდმივ ყოფნას ქართულ ბაზებზე როტაციის წესით. საბრძოლო ქვედანაყოფები აუცილებელი არ არის., არსებობს სხვადასხვა სფერო, მაგალითად სამხედრო-საინჟინრო, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, თუნდაც სამაშველო საქმიანობების წარმოებისთვის. 

საქართველო მთიანი ქვეყანაა და წრთვნებისთვის, შეიძლება ასეთი ადგილების გამოყენება. გარდა ამისა, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებისთვის გამარტივდებოდა, მაგალითად, ფოთის პორტში შემოსვლა. 

ეს იქნებოდა მკაფიო სიგნალი საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და რუსეთისთვისაც, რომ ვზრუნავთ ამ ქვეყანაზე", - ამბობს ჰოჯესი

მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსაც აკისრია. ჰოჯესი ამბობს, რომ მეტი გამჭვირვალობა არჩევნებში და შედეგების მიმართ ნდობა, ისევე როგორც კერძო ინვესტორებისთვის მეტად ხელსაყრელი გარემოს შექმნა აუცილებელი წინაპირობებია მდგრადი უსაფრთხოების შენებისთვის. 

ამ კონტექსტში ჰოჯესი ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას აკრიტიკებს და გაკვირვებას გამოხატავს, ყარაბაღის კონფლიქტის დროს რუსი სამშვიდობოებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცის დათმობის გამო. 

"საქართველოსაც აკისრია პასუხისმგებლობა. უფრო მეტი გამჭვირვალობა არჩევნებში, მთავრობაში, ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. საქართველომ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს კერძო ინვესტორებისთვის.

დღესაც უკმაყოფილო ვარ, რომ მთავრობა აგრძელებს, მაგალითად, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებას. ის მთლიანად შეცვლიდა შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკურ სურათს. ინვესტიციებს ჩადებდნენ გერმანია, ჰოლანდია, აშშ და სხვები. გერმანია და ჰოლანდია უფრო მეტად მიაქცევდნენ ყურადღებას და იტყოდნენ, რატომ იმყოფებიან იქ რუსეთის ჯარები?

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კერძო ინვესტიციების ჩადება უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები ერთად უნდა დადგნენ, რომ ნატო-მ მეტად დაინახოს ამ რეგიონის სტრატეგიული ღირებულება. 

გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ საქართველომ საჰაერო სივრცე დაუთმო რუსეთს მშვიდობისმყოფელების გადასაყვანად, იმ დროს, როდესაც ასიათასობით რუს ჯარისკაცს ოკუპირებული აქვს თქვენი ქვეყნის ტერიტორია. შეიძლება არსებობს რაღაც მიზეზი, მაგრამ ჩემთვის ეს გაუგებარია", - ამბობს ჰოჯესი

 

 

 

close დახურვა