logo
ENG

ოპოზიცია EU-სა და NATO-ს: დაფინანსებაზე ოცნების უარის მიზანი ევრო-ატლანტიკური სვლის ხელშეშლაა

02 სექ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock 194

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელობას ერთობლივი წერილით მიმართა. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროდაფინანსებაზე უარის თქმა დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია. 

მიმართვის ადრესატები არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

გთავაზობთ წერილს უცვლელა:

"ჩვენთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა. ვთვლით, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთ- ერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი შეუჩერებლად და დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი უმრავლესობა ახლაც იმავე პოზიციაზეა - მოქალაქეთა 80%-სთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც მას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას ჰპირდება. გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი - ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა. 5 ივლისი - დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა - მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი.

იმან, რომ თავდაპირველი ვალდებულდებების შემდეგ ქართულმა ოცნებამ უხეშად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების პირობები და საერთოდ დატოვა მოლაპარაკების ფორმატი, ხოლო ახლა დაფინანსებაზეც უარი განაცხადა, ამ სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა. ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ. გვსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ქართული დემოკრატიის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ერთგულებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად".

წერილს ხელს აწერენ:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 
  • გირჩი - მეტი თავისუფლება 
  • ევროპული საქართველო 
  • ელენე ხოშტარია - დროა  
  • სტრატეგია აღმაშენებელი 
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია  
  • ლელო საქართველოსთვის 
  • თავისუფალი დემოკრატები 
  • ქრისტიან-დემოკრატები 
  • ევროპელი დემოკრატები 
  • ეროვნული დემოკრატიული პარტია 
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის 
  • კანონი და სამართალი 
  • ტარიელ ნაკაიძე - დამოუკიდებელი დეპუტატი 
close დახურვა