logo
ENG

საგარეო: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მომავალი დეოკუპაციაზე გადის

06 აგვ 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock 359
საგარეო: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მომავალი დეოკუპაციაზე გადის

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის მე-13 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთი კვლავ შეეცადა დეზინფორმაციის გავრცელებას. გარდა ამისა, სამინისტროში ცინიკურსა და მიუღებელს უწოდებენ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარს.

"სწორედ ამ შეთანხმების დარღვევით დაიწყო საქართველოს ტერიტორიების ანექსია, სამხრეთ კავკასიაში მიწების მიტაცება და სამწუხაროა რომ საუკუნეების შემდეგაც რუსეთის მიზნად სხვისი ტერიტორიების ანექსია რჩება. [...]

თუკი რაიმე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ესაა თავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის შელახვა. შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მომავალი გადის სწორედ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემაზე", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. 

"რუსეთი არასდროს სვამდა ტოლობის ნიშანს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ერს შორის. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმ დონემდე, რა დონეზეც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ თბილისში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის დაცვით". - თქვა ბიკანტოვმა

ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 2008 წლის ომზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველო შეიარაღებული თავდასხმის დაწყებაში. 

მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, რუსეთმა კი "სამხრეთ ოსეთი" განადგურებისგან იხსნა.

"თავდაპირველად რუსეთმა მშვიდობიანი ოპერაციით შეაჩერა საქართველოს აგრესიული შეჭრა, შემდეგ კი უზრუნველყო სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც აფხაზეთის მოქალაქეების უსაფრთხოება და 2008 წლის 26 აგვისტოს ორივე რესპუბლიკა აღიარა სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად". - განაცხადა მან.

13 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს,  რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

close დახურვა