logo

გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის

08 ივნ 202112:38
3 წუთის საკითხავი
clock 171
გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეზღუდვა ეხება მხოლოდ ასტრაზენეკას ვაქცინას, რომლის გაკეთებაც 45 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

"დღეს ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, იქნება ეს ფაიზერი, ნოვა ვაქსი თუ სხვა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება, შეზღუდვა შეეხება ასტრაზენეკა, რომელიც 45 წელს ზემოთ არის რეკომენდირებული", - ამბობს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ფაიზერის დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მეორე ეტაპზე მუშაობა.

"ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ", - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.

3 აპრილს საქართველომ ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც.

სინოვაკით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო.

close დახურვა