logo
ENG

საგარეო მახარობლიშვილის დაბარებაზე: ვალდებულები ვართ, დაველოდოთ გამოძიებას სუს-ის ფაილებზე

22 სექ 202117:46
3 წუთის საკითხავი
clock 220
საგარეო მახარობლიშვილის დაბარებაზე: ვალდებულები ვართ, დაველოდოთ გამოძიებას სუს-ის ფაილებზე

​ევროკავშირის ელჩის ბრიუსელში დაბარებაზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გააკეთა.

განცხადებაში წერია, რომ სუს-ის ჩანაწერებზე გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ. 

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს. საქმე სუს-ის ფაილებს ეხება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაცმახარობლიშვილს კითხვებს სწორედ სუს-ის მოსმენების შესახებ დაუსვამენ.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.

შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფატებად დეფინიციას. ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე".- ამბობს საგარეოს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტი. 

მახარობლიშვილის ბრიუსელში დაბარებაზე ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გაავრცელა. მისი თქმით, არ მიიჩნევს ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული.

***

სუს-ის გავრცელებული ფაილებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია ევროკავშირისა და ისრაელის ელჩების საუბრები, მათ შორის უშუალოდ საკუთარ თანამშრომლებთან.

ფაილებში მოყვანილია ევროკავშირის ელჩის საუბრები საკუთარ თანამშრომლებთან. მაგალითად, მოცემულია საუბარი კარლ ჰარცელსა და მის ერთ-ერთ თანამშრომელს შორის, სადაც ისინი პანდემიის პერიოდში ეკლესიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მასალის მიხედვით, გასული წლის მარტში კარლ ჰარცელი და მისი თანამშრომელი ლაპარაკობდნენ პანდემიის პერიოდში საპატრიარქოს პოზიციას რიტუალებთან და ცერემონიებთან დაკავშირებით.

სუს-ის ჩანაწერებში გაშიფრულია ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ფაილებში იძებნება რან გიდორისა და პროტოპრესვიტერის განხილვები, რომელიც მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისა და სხვა სასულიერო პირების ანტისემიტურ განცხადებებს ეხებოდა.

გაშიფრულია საელჩოს თანამშრომლის საუბარი ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან, რომელსაც აცნობა, რომ ელჩს მასთან შეხვედრა სურს. 

გარდა ამისა, მოყვანილია აღნიშნული თანამშრომლისა და სავარაუდოდ ელჩის მძღოლის საუბარი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა. 

ფაილში გაშიფრულია 2020 წლის ოქტომბერში პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კომუნიკაცია ესტონეთის ელჩის თანაშემწესთან. ამავე პერიოდში, მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აზერბაიჯანის ელჩთან ფაიგ გულიევთან საპატრიარქოში შეხვედრას ათანხმებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაილებიდან აშკარად ირკვევა, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენდა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, საქართველოში დიპლომატების ფარული მიყურადება არ ხდება. 

"ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ამ ე.წ. მოსმენებიდან ჩვენ ვერ გავიგეთ. არანაირი დიპლომატების მოსმენას საქართველოში არ ხორციელდება". - თქვა მან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 

close დახურვა